ბოლო წლების მუშაობის შედეგი არის ის, რომ წელს პირველი წელია, როდესაც თვითდასაქმებულების რაოდენობა 1 პროცენტით ნაკლებია ოფიციალურად დასაქმებულ ადამიანებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე უნდა იმსჯელონ.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თვითდასაქმებულების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 20 პროცენტით არის შემცირებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ციფრები გვაძლევს საშუალებას პოზიტიური დინამიკა ვაჩვენოთ, მე არ მინდა აქ გადაგღალოთ ციფრებით. მხოლოდ ერთს ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე პროცენტულად 2018 წლის მაჩვენებლით ყველაზე დაბალია, არ გავჩერდები ამ ციფრზე. არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა მომენტი. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ჩვენ ვთქვათ, როგორც ბოლო წლების მუშაობის შედეგი, არის ის, რომ წელს პირველი წელია, როდესაც თვითდასაქმებულების რაოდენობა 1-პროცენტით ნაკლებია ოფიციალურად დასაქმებულ ადამიანებზე. ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2018 წელს პირველად იყო 51 პროცენტი. რაც ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულების 49 პროცენტი იყო თვითდასაქმებული. თვითდასაქმებულების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში შემცირებულია 20 პროცენტით. ეს არის ძირითადი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, ის ტენდენცია, რაც უნდა გავაძლიეროთ და უნდა გვქონდეს ყურადღება გამახვილებული“, - განაცხადა გახარიამ.