ინსტრუმენტები დღეს საკმარისზე მეტია, იმისთვის, რომ კორუფციას ვებრძოლოთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის შეკითხვას, რომელიც კორუფციას შეეხებოდა.
გიორგი გახარიას თქმით, კორუფციასთან ბრძოლა, ისევე როგორც რეფორმირების მუდმივი პროცესი, დაახლოებით, შემდგომი ათი წლის განმავლობაში იქნება აუცილებელი, იმისთვის, რომ ქვეყანა დაემსგავსოს განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოს.
„ჩვენ როცა ვსაუბრობთ კორუფციულ ფაქტორებზე, არ ვსაუბრობთ რაღაც მოვლენაზე, რომლის შეფასებაც რთულია. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ჩვენ ვართ განვითარებადი ეკონომიკა, საკმაოდ სუსტი ეკონომიკა, რომელსაც წინ დიდი გზა აქვს გასასვლელი. მარტივად რომ შევხედოთ, ჩვენ არ გვყავს ნორმალურად ჩამოყალიბებული საშუალო კლასი, ჩვენი სიღარიბის დონე მაღალია, გვაქვს საკმაოდ სუსტი ინსტიტუტები.
ყველა ამ პირობებში კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს პერმანენტული ინსტიტუტი, იმისთვის, რომ ბიუროკრატია იყოს უფრო დისციპლინირებული და ეფექტური და საერთოდ, სახელმწიფო აპარატი მუშაობდეს ეფექტურად და სწრაფად. ეს იქნება ის მუდმივი აქცენტი, რომელზეც მთავრობას ყურადღება ექნება ყოველდღიურად. დღეს საბედნიეროდ ქვეყანაში არსებობს ყველა ინსტრუმენტი, ანტიკორუფციული სამსასახურიდან დაწყებული, ფინანსური პოლიციით დამთავრებული,“ - აღნიშნა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ამ კონტექსტში საკანონმდებლო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს.