2019 წლის ზაფხული მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე არაკომფორტულ პერიოდად დასახელდა, რადგან მიმდინარე წელს ძალიან ბევრი ავიარეისი გადაიდო და მგზავრებს ხშირ შემთხვევაში რამდენიმესაათიანი ლოდინი მოუხდათ.
ამასთან, ზოგიერთ აეროპორტში დიდი რაოდენობის მგზავრებისთვის საკმარისი სივრცე და მომსახურება არ არის, ამიტომ მათ ხშირად არ იციან, თუ როგორ გაატარონ დარჩენილი დრო აეროპორტში.
გამოცემა Business Insider-ი ფრენის გადადების შემთხვევაში დროის გასაყვანად 7 საუკეთესო გზას გვთავაზობს:
გამოიყენეთ აეროპორტის შემოთავაზებები
დღეისათვის აეროპორტების უმეტესობაში მოწყობილია სწაფი კვების ობიექტები და რესტორნები, სადაც დანაყრებასა და დასვენებას შეძლებთ. ამასთან, ზოგიერთ რესტორანში შეძლებთ თქვენი მობილური ტელეფონის დატენვას, რომელიც მოგზაურობის დროს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია. საკვები ობიექტების გარდა ზოგიერთი აეროპორტი საცურაო აუზსა და გოლფის მოედანსაც კი გთავაზობთ.
ისარგებლეთ duty-free მაღაზიებით
აეროპორტების უმეტესობაში მოთავსებულია duty-free მაღაზიები, სადაც პროდუქტის შეძენა დამატებითი გადასახადის გარეშე შეგიძლიათ. ამასთანავე, ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა ალკოჰოლი და თამბაქო, შესაძლოა, აეროპორტში გაცილებით იაფად იყიდოთ, ვიდრე მოგზაურობის დროს რომელიმე ქალაქში.
მოითხოვეთ კომპენსაცია
იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ავაირეისმა 3 საათზე მეტი დააგვიანა, თქვენ უფლება გაქვთ ავიაკომპანიას კომპენსაცია მოსთხოვოთ. როგორც წესი, კომპენსაციის ოდენობა ფრენის მანძილზეა დამოკიდებული და საშუალოდ 300-დან 700 დოლარამდე მერყეობს.
ისარგებლეთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობებით
კომპანიების უმეტესობა ავიარეისის რამდენიმე საათით გადადების შემთხვევაში მგზავრებს უფასო საკვებს სთავაზობს. ამასთან, როგორც წესი, მგზავრები გადაჰყავთ აეროპორტის შიდა დარბაზში, სადაც უკეთესი სავარძლები და დასასვენებელი სივრცეებია.
შეასრულეთ თქვენი სამუშაო
აეროპორტში დამატებით უქმე დროს კი შეგიძლიათ თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. მაგალითად, გაგზავნოთ საქმიანი წერილები და შეტყობინებები. ან თუ მოგზაურობიდან ბრუნდებით დაწეროთ თქვენი შთაბეჭდილებები და განცდები.
წაიყვანეთ თქვენი შვილები სათამაშო ზონაში
დღეისათვის აეროპორტების უმეტესობა მცირეწლოვან მოგზაურებზეცაა მორგებული, განსაკუთრებით კი გამოირჩევიან აშშ-ის აეროპორტები. ბავშვებთან ერთად განტვირთვა დროის გაყვანაში დაგეხმარებათ.
ისარგებლეთ აეროპორტის უფასო ინტერნეტით
დღეს აეროპორტების უმეტესობა უფასო ინტერნეტს გვთავაზობს, რაც მოგზაუორბის დროს ძალიან საჭიროა. თუმცა არსებობს აეროპორტები, სადაც ინტერენეტთან წვდომის მისაღებად გარკვეული გადასახადის გადახდა გიწევთ. ასეთ დროს თქვენ შეგიძლიათ აეროპორტის რომელიმე სწრაფი კვების ქსელს ეწვიოთ, რომელიც უფასო ინტერნეტს გთავაზობთ.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა