„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.
შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.
2019 წლის საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ნიდერლანდი - 31.1 პროცენტით, მეორე ადგილზე თურქეთი - 19.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ - 14.7 პროცენტით.
„სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის მე-2 კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ აშშ დოლარით,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.