საქართველოში შემოწმებულ ზოგიერთ პარფიუმერულ პროდუქციაში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს

საქართველოში შემოწმებულ ზოგიერთ პარფიუმერულ/კოსმეტიკურ პროდუქციაში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს

ცენტრის ცნობით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გააგზავნეს საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). შემოწმების შედეგად კი 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.

კერძოდ, იმ პროდუქციის ჩამონათვალში, რომლებშიც მავნე ნივთიერება აღმოაჩნდა, მოხვდნენ:

  • ფრჩხილის ლაქი - Olivia;
  • თხევადი ტუჩსაცხი - MAT 104 Seville;
  • თმის საღებავი - CLAIROL;
  • ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი - Amalfy;
  • ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier-ი.

„ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ჩვენი ინფორმაციით საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა. ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა.

ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს.

მოცემული კვლევით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას ამ პრობლემის შესახებ და მოვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაია არდოტელი