„თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის ანალიზის თანახმად, უძრავი ქონების ფასები დოლარში შემცირდა, ხოლო ლარში გაიზარდა.
NBG Home-ს ფასის ინდექსის დონის მიხედვით, ნომინალურ ფასებში უძრავ ქონების ღირებულება 2.6%-ით მაღალი იყო ლარში, ხოლო 1.4%-ით დაბალი იყო დოლარში. ხოლო რეალურ ფასებში, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, უძრავი ქონების ღირებულება ლარში 0.3%-ით გაიზარდა.
როგორც “თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, სხვადასხვა ვალუტაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ცვლილებებზე ზეგავლენა გაცვლითი კურსის დინამიკას უკავშირდება.
ამავე კვლევის თანახმად, ახალაშენებულ ბინებზე ფასები გაიზარდა, ხოლო ძველზე - შემცირდა. 2019 წლის 1-ელ ნახევარში, თბილისში საშუალო გასაყიდი ფასი (ASP) დოლარში 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო ლარში - 4.5%-ით (707 აშშ დოლარი 1 კვმ.-ზე და 1,905 ლარი 1 კვ.მ-ზე).
ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 736 დოლარი იყო, ხოლო ლარში მისი ფასი 1,982-ს შეადგენდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, ერთ კვადრატულ მეტრზე მისი ფასი დოლარში 656 იყო, ხოლო ლარში 1,765. „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ფასებში განსხვავება ამ შემთხვევაშიც გაცვლითი კურსის მერყეობით არის გამოწვეული.
„საშუალოდ, 2019 წლის 1-ელ ნახევარში ძველი ბინები 11%-ით უფრო ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე ახალი 2018 წელს“, - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის თანახმად ვაკეში, მთაწმინდასა და საბურთალოზე საცხოვრებელი ბინები შესამჩნევად ძვირია, ვიდრე თბილისის სხვა უბნებში. ისეთ გარეუბნებში, როგორიცაა ნაძალადევი, გლდანი, დიდი დიღომი და სამგორი კი ძველი ბინები ყველაზე ხელმისაწვდომია.
ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი