დღეს „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მას „მოსკოვის კაცი“ უწოდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი სტატია ჩაასწორა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ ადრე ოპოზიციამ უწოდა.
„98 კანონმდებელმა 0-ის წინააღმდეგ გიორგი გახარიას გაპრემიერებას დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. გახარია ივნისში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობრივი შეტევის ფართოდ ცნობილი მთავარი არქიტექტორია. პროტესტი კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მშობლიურ ენაზე გაკეთებულმა მიმართვამ გამოიწვია.
მაგრამ გახარიამ რუსეთის მიერ ქართული სეპარატისტული პროვინციების „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაციის ხსენებით, თბილისში სცადა იმ ბრალდების უარყოფა რომ ის „მოსკოვის კაცია“, - ნათქვამი იყო სტატიის თავდაპირველ ვარიანტში.
ახალ ვერსიაში კი მონაკვეთი, სადაც გახარია „მოსკოვის კაცად“ არის მოხსენიებული, შემდეგნაირად არის დაკორექტირებული:
„98 კანონმდებელმა 0-ის წინააღმდეგ გიორგი გახარიას გაპრემიერებას დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი, რომელმაც ადრე გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ უწოდა, კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. გახარია ივნისში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობრივი შეტევის ფართოდ ცნობილი მთავარი არქიტექტორია. პროტესტი კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მიერ მის მშობლიურ ენაზე გაკეთებულმა მიმართვამ გამოიწვია.
მაგრამ გახარიამ რუსეთის მიერ ქართული სეპარატისტული პროვინციების „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაციის ხსენებით, თბილისში სცადა ოპოზიციის ბრალდების უარყოფა, რომ მას მოსკოვთან აქვს კავშირები“,- წერს „დოიჩე ველე“.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა