55 წლის ასაკში ჩინელმა მილიარდერმა ჯეკ მამ მისივე დაფუძნებული კომპანია - Alibaba დატოვა. კომპანიიდან წასვლა მან პომპეზურად აღნიშნა და მის მშობლიურ ქალაქში ჰანგჟოუში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე ღონისძიება მოაწყო.
ორი დეკადის განმავლობაში 460 მილიარდიან ბიზნესად გადაქცევის შემდეგ, მამ გადაწყვიტა ფილანტროპობას მიჰყოს ხელი. მან საკუთარი სახელობის ფონდი 2014 წელს დააარსა და განაცხადა, რომ მისთვის შთაგონების წყარო იყო ბილ და მელინდა გეიტსების საქმიანობა ქველმოქმედების მხრივ.
„70 წლამდე სხვა რამეები შემიძლია ვაკეთო, მაგალითად, განათლების მიმართულებით ვიმუშაო და ამ სფეროს მეტი ყურადღება მივაქციო“, - აცხადებს პოსტიდან გადამდგარი მილიარდერი.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა. ცნობილი ხდება, რომ მიუხედავად აღმასრულებელი ბორდის დატოვებისა, ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩება სამეთვალყურეო საბჭოში, რომელიც 36 წევრისგან შედგება და რომელიც ირჩევს კომპანიის ხელმძღვანელობას. მან ასევე დაიტოვა კომპანიის 6,22%-იანი წილი.
კომუნისტური პარტიის წევრი ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 40 მილიარდ დოლარს ითვლის.