წინასწარი შეფასებით, 2014 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,2% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2014 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,2% შეადგინა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2014 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,1%, ხოლო 2014 წლის პირველი შვიდი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 6,2% შეადგინა.

2012 წლის იანვრიდან "საქსტატი" ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე იანგარიშება. "საქსტატის" ინფორმაციით, აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად იყენებენ. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები არ მოიპოვება, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები, შესაძლოა, წინასწარი შეფასებისგან განსხვავდებოდეს.

გარდა ამისა, "საქსტატის" ინფორმაციით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.