მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა. ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
განახლებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა გახსნეს, რომლებმაც ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„მივესალმები ლიეტუვის დელეგაციას, პატივცემულ სტუმრებს. კიდევ ერთი ულამაზესი, მოწესრიგებული და გამწვანებული სივრცე შეემატა ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ და დღეს ეს ყველაფერი სახეშეცვლილია. მინდა მადლობა გადავუხადო ლიეტუვის მთავრობას, სახელმწიფოს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს და ეს ნამდვილად დასაფასებელია. ლიეტუვა ყოველთვის ჩვენი ხალხის გვერდით იყო ყველა მნიშვნელოვან საკითხში და ასე იქნება მომავალშიც. ეს გალამაზებული სკვერი სწორედ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობისა და მეგობრობის სახეა.
მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში. ამ კონკრეტული სკვერის პროექტის ავტორია არქიტექტორი, რომელიც ლიეტუვადანაა და მინდა, მადლობა გადავუხადო მას. მადლობა ამ ულამაზესი სკულპტურის ავტორს, რომელიც ძალიან მოუხდა სკვერს და საერთო ჯამში ძალიან ლამაზი პროექტი გამოვიდა. მადლობა მთაწმინდის გამგეობას. ამ პროექტის განხორციელება მთაწმინდის რაიონის გამგებლის უშუალო ჩართულობით მოხდა.
ყველას დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად შევძელით ამ პროექტის განხორციელება და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობები არის ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს მიღებისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტზე იმუშავა.
„სახელი ლიეტუვა, გარკვეულწილად, მოდის სიტყვიდან „წვიმა“ და წვიმა მოგიტანეთ, როგორც სიმბოლო, რადგან, ვფიქრობ, რომ სიმბოლოები მნიშვნელოვანია არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში. არაფერი პირადული. მიიღეთ ეს, როგორც ჩვენი სიმბოლო. დიდი მადლობა ამ მშვენიერი პროექტისთვის ყველას, ვინც იმუშავა მის განვითარებაზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ, როდესაც პირველად გაიხსნა ეს სკვერი, ის იყო საქართველოსადმი ლიეტუვის სოლიდარობასთან დაკავშირებული. ეს მოხდა დაახლოებით, 10 წლის წინ, ომის შემდგომ. მაშინ, სკვერი ჩვენმა მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვალდას ადამკუსმა გახსნა და ეს იყო თბილისისა და საქართველოს მადლობის ნიშანი ლიეტუვის სოლიდარობისათვის. ახლა, როდესაც ეს ყველაფერი განახლდა, ის იქნება ჩვენი განახლებული მეგობრობის სიმბოლო, რომელიც გასტანს მუდმივად და ეს მეგობრობა, რომელიც ჩვენს ერებს შორის არსებობს, მუდმივი იქნება.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ არის მშვენიერი ადგილი ამ პარკში „სელფებისათვის“, სადაც შეუძლიათ მოვიდნენ ტურისტები, გადაიღონ „სელფები“ და დაინახონ ჩვენი მეგობრობა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ვილნიუსში ძალიან ბევრი ასეთი ანგელოზი გვყავს, რომელიც იცავს ქალაქს, იცავს მის მოქალაქეებს და იმედი მაქვს, რომ ეს პატარა ანგელოზი, რომელიც აქ არის ჩამომჯდარი, დაიცავს თბილისის მოქალაქეებსაც.
ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ლიეტუვა და თქვენ, ყველანი!“, - განაცხადა მინისტრმა.
სიტყვით მიმართვების შემდეგ, წაიკითხეს ვილნიუსის მერის რემიგიუს შიმაშიუსის წერილი, რომელშიც მან ვილნიუსისა და თბილისის მეგობრობაზე ისაუბრა.
მერიის ცნობით, ვილნიუსის სკვერის პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია, გასულ წელს თბილისს, ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. პროექტის სრული რეაბილიტაცია კი მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „გრინსერვისმა“ შეასრულა.
სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ვაიდას რამოშკამ შექმნა და უსასყიდლოდ გადასცა თბილისს.
პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდა მწვანე საფარი და გაშენდა ახალი ნარგავები, მათ შორის, ხვიარა მცენარეები დაირგო ლითონის პერგოლასთვის, რომელიც შადრევნის მიმდებარედ დამონტაჟდა.
სრულად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა, მოეწყო ადაპტირებული წყარო, კიბეები, პანდუსები და სავალი ნაწილი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა, დაიდგა თანამედროვე ტიპის ურნები და სკამები.
სკვერში დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, უფასო ინტერნეტით ისარგებლონ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით შეეძლებათ, ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქალაქ ვილნიუსის მერიის დელეგაცია, ლიეტუვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, ასევე, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.