ანაკლიის პროექტი ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, ეს სახელმწიფოს თუ კერძო კომპანიის მიერ მოხდება.
„მივესალმები ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. პირველი ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და აუცილებლად განხორციელდება. როგორც იცით, არის კერძო კომპანიები, ვისაც ინტერესი აქვს, განხორციელდეს, თუმცა როგორც დღეის მდგომარეობიდან ჩანს და იკვეთება, ამ კომპანიებს გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვთ. თუმცა, პროექტს რაც შეეხება, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მნიშვნელობა არ აქვს ამას სახელმწიფო განახორციელებს მომავალში, თუ კერძო კომპანია",- განაცხადა კახა კალაძემ.