დავით ბაქრაძე: ”მე ამ თანხის განკარგვის უფლება არ მაქვს, რადგან ეს თანხა არის ჩემი მეუღლის მშობლების საკუთრება”

მთავარ პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის და მისი მეუღლის დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც შენობაში შესვლამდე ბაქრაძემ აღნიშნა, მან დღეს მიიღო უწყება.

"მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც პარლამენტის წევრს, მაქვს შესაბამისი იმუნიტეტი, მე გადავწყვიტე გამოვცხადდე დღეს, პასუხი გავცე ყველა კითხვას, მე დასამალი არც ამათთან და არც საზოგადოებასთან არაფერი მაქვს", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად საკითხს, დეპუტატის თქმით, თანხის წარმომავლობა საზოგადოებამ უკვე გაარკვია, რომ ეს არის კერძო ქონების გაყიდვით მიღებული სრულიად კანონიერი თანხა, რომელსაც არანაირი შეხება არა აქვს არც პოლიტიკასთან, არც ბიუჯეტთან.

"რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხდა ეს ჩემს ფინანსურ დეკლარაციაში, აქაც ვფიქრობ, ზედმიწევნით ვიცავდი კანონს, რომლის მიხედვითაც დეკლარაციაში უნდა შეიტანო თანხა, რომლის განკარგვის უფლებაც გაქვს. მე ამ თანხის განკარგვის უფლება არ მაქვს, რადგან ეს თანხა არის ჩემი მეუღლის მშობლების საკუთრება, რომელიც თავის დროზე სრულწლოვნების შემდეგ გადაეცემათ მათ შვილიშვილებს, მათ შორის, ჩემს შვილებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ანგარიშზე ფიზიკურად ჩემს მიერ არის განთავსებული, ამ თანხას მე არ განვკარგავ და ამის გამო არ მომიხდენია მისი დეკლარირება. ვფიქრობ, რომ მართალი ვარ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვარ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. მე მართალი ვარ კანონის წინაშე, ამიტომ გადავწყვიტე, დღეს გამოვცხადებულიყავი პროკურატურაში", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი ითხოვს, რომ ასევე გამოძიებული იქნას, თუ ვინ ხსნის საქართველოში ფოსტით მოსულ პირად წერილებს, როგორ ხვდება ეს პირადი წერილები და ინფორმაცია ვებსივრცეში, რადგან როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ეს არ არის პირველი შემთხვევა და, ბოლოს და ბოლოს, ვინმე უნდა დაისაჯოს პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებისათვის.