2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში ენერგეტიკის სექტორში მოქმედი საწარმოები ჭარბობს.
კერძოდ, ჩამონათვალში სამი ასეთი კომპანია მოხვდა. ესენია: სს „ნენსკრა ჰიდრო“, შპს „აჭარ ენერჯი-2007“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ათეულში არის მათ შორის შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს. ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.
ათეულში გვხვდება ასევე საინვესტიციო ჯგუფის BGEO Group PLC -ს გაყოფის შედეგად, მიღებული ერთ-ერთი კომპანია „საქართველოს კაპიტალი“, რომელიც საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით მუშაობს.
ათეულშია სს „ნენსკრა ჰიდროც“, რომელიც საქართველში ჰიდროელექტროსადგურ - ნენსკრა ჰესს აშენებს. „ნენსკრა ჰიდრო“, კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.
ამ კომპანიების გარდა, „საქსტატის“ მიერ მოწოდებულ ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე: „მაგთიკომი“, „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, RMG Copper-ი, „ტოიოტა კავკასია“, „BP ჯგუფი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ და შპს „აჭარ ენერჯი-2007“.
აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები არ არის რეიტინგის მიხედვით დალაგებული.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.
შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.