„რეზონანსი": ხორცი შეუჩერებლივ ძვირდება - ხალხიც და მოვაჭრეებიც გაღიზიანებულნი არიან

ერთ წელიწადში საქონლის ხორცი 3 ლარით, ხოლო ღორის ხორცი - 2-3 ლარით გაძვირდა. გაზრდილია როგორც ცოცხალი პირუტყვის ღირებულება, ასევე დაკლული საქონლის ფასიც. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მდგომარეობა შემოდგომაზე ცოტათი შეიცვლება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ფასი კიდევ მოიმატებს.

სპეციალისტების ინფორმაციით, საფასო ცვლილება ხორცის ექსპორტის ზრდას უკავშირდება, რამაც, თავის მხრივ, ბაზარზე პროდუქციის სიმცირე გამოიწვია. გაძვირება ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2019 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასმა 9.3%-ით მოიმატა.

ამ ეტაპზე საქონლის ხორცი ბაზრებში 17 ლარი ღირს, ხოლო ადგილზე საბითუმო ფასმა 13 ლარს მიაღწია, როცა რამდენიმე თვის წინ 10 ლარი იყო. რაც შეეხება ე.წ. ცოცხალ წონას, უკვე 9 ლარამდე ავიდა, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მისი ყიდვა მოვაჭრეებს 6,5 ლარადაც შეეძლოთ.

საქონლის ხორცის გაძვირებაზე საუბრობენ ვეტერინარებიც. ,,მომავლის ფერმერის” წარმომადგენლის მიხეილ ჭიჭაყუას ინფორმაციით, მეხორცული საქონლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

,,ქართულ ხორცზე მოთხოვნა დიდია, თანაც აქტიურად გაჰყავთ თურქეთსა და ირანში. ექსპერტი ერთხანს შეჩერებული იყო, მაგრამ კვლავ განახლდა და ახლა უცხოურ ბაზრებზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადის ხორცი. სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ქართული პროდუქტის მიმართ მეტი ნდობა გამოიწვია. ამანაც განაპირობა ინტერესი უცხოელი მეწარმეების მხრიდან.

გაძვირების ტენდენცია გაზაფხულიდანვე შეიმჩნეოდა. აგვისტოში მარხვის სეზონი იყო და ფასმა დაიკლო, მაგრამ სექტემბრიდან ფასის მატების პროცესი გაგრძელდა. შემოდგომაზე ვითარება ცოტათი დასტაბილურდება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ხორცი ისევ გაძვირდება", - განუცხადა ჭიჭაყუამ ,,რეზონანსს" და დასძინა, რომ ფასზე გავლენას ლარის კურსიც მოახდენს.

,,ლარი თუ დასტაბილურდა, შესაძლოა, ფასებზე ცვლილება არ აისახოს, მაგრამ როგორც კი სავალუტო რყევები იქნება, საქონლისა და ღორის ხორცი კიდევ უფრო გაძვირდება. ბოლო პერიოდში ღორის სულადობაც ცოტათი შემცირდა, ხოლო მოთხოვნამ მოიმატა, რამაც ფასზე ასევე იქონია გავლენა. ღორის ხორცი კიდევ გაძვირდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, რთველის სეზონზე მატულობს მოთხოვნა.

ბოლო 1 წლის განმავლობაში საქონლის ხორცი 3 ლარით არის გაზრდილი, ხოლო ღორის ხორცი - 2-3 ლარის ფარგლებში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ადრე ფასი გამოკვეთიული იყო, როცა საშუალო ხარისხის ხორცი 13-14 ლარი ღირდა, ხარისხიანი 18 ლარად იყიდებოდა, ახლა მასიურად მაღალი ფასია, სხვაობა თითქმის არ იგრძნობა", - აღნიშნა მიხეილ ჭიჭაყუამ.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც მეცხოველეობის დარგში შეიმჩნევა, პირუტყვის ბაგური კვებით გამოზრდის შესაძლებლობაა, რაც დღესდღეობით ძალიან ცოტა ფერმერს ხელეწიფება.

,,ბაგური კვებით გაზრდილი პირუტყვის ხორცი ხარისხით საუკეთესოა, გამოირჩევა გემური თვისებებით, რის გამოც ყოველთვის მოთხოვნადია. ერთ დროს ეს ტრადიცია მივიწყებული იყო, რადგან ფერმერის მხრიდან განსაკუთრებულ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ ფერმერულ მეურნეობებში პირუტყვის ბაგური კვების მეთოდი განვავითაროთ. ახლა ბევრი გადავიდა ახალ ტექნოლოგიაზე და ხარისხიანი ხორცის მიღების მეტი შესაძლებლობა აქვს. ძველი მეთოდის გამოყენებით ან მოვიგებთ ან არა, მაგრამ ახალი სტანდარტის დანერგვა აუცილებლად მოგვცემს შედეგს”, - აცხადებს ჭიჭაყუა.

ხორცის გაძვირებაზე მოვაჭრეებიც საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი, კახა გრძელიშვილი ადასტურებს, რომ ხორცის ფასი სამომხმარებლო ბაზარზე ყველგან გაზრდილია და ადგილზეც ძვირის გადახდა უწევთ.

,,სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, არ ვიცი, სინამდვილეში რა ხდება. სასაკლაოებმაც გააძვირეს. ერთ-ერთი ვერსიით, ხორცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი ოდენობით გადის. ხალხი უკმაყოფილოა, მოთხოვნა დღითი დღე მცირდება, ადრე ძლივს ყიდულობდნენ და ახლა რეალიზაცია კიდევ უფრო შეგვიმცირდება", - აღნიშნა გრძელიშვილმა.

გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე ზაალ ცირდავა ამბობს, რომ საქონლის ხორცს გლეხებისგან ყიდულობს. მისი თქმით, ფასმა რეგიონებშიც მოიმატა და დღესდღეობით ის 13-14 ლარზე ნაკლებად არ იშოვება.

,,შარშან ამ დროს საქონლის ხორცი რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, 3 ლარით იაფი ღირდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გაზრდილა ფასი, მაგრამ მაშინ მოთხოვნა არ იყო დიდი და არც პრობლემა შეგვქმნია. ახლა მოთხოვნა გაჩნდა, რეალურად კი დეფიციტია. გაყინული ხორციც გააძვირეს, თუმცა ნედლ ხორცზე ბევრად იაფია. სავალუტო კურსმა მომავალშიც თუ არ უბიძგა, ფასი უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება”, - უთხრა "რეზონანსს" ზაალ ცირდავამ.

მარი ჩიტაია

„რეზონანსი"