მუხიანის ყოფილი რადიოქალაქი „აჭარა ჯგუფმა“ იყიდა - თემურ უგულავამ აუქციონზე 23,3 მლნ ლარი გადაიხადა

მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.

„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია - „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია. გამარჯვებული კომპანიაც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რეესტრის მიხედვით, შპს „ინდუსტრიული ქალაქი” 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იან წილს შპს „სითი ლოფტი” ფლობს, ხოლო მისი დირექტორი კი, ვალერი ჩეხერიაა. თავად „სითი ლოფტი” კი 2011 წელს არის დაფუძნებული. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ამასთან, „სითი ლოფტი” „აჭარა ჯგუფის” რამდენიმე მსხვილ აქტივს, მათ შორის, „ფაბრიკას“ და სხვა ობიექტებს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ მუხიანში „რადიოქალაქის" პროექტზე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი 9 სექტემბერს დასრულდა. საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 978 492 ლარს შეადგენდა, აუქციონში მონაწილე ერთადერთი კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 23 323 169 ლარია.

პროექტის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელოს პროექტი თანდართული კონცეფციის შესაბამისად. კონცეფციაში ცვლილება დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით.

დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 8 მლნ დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა განახორციელოს.

ამასთან, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - 800 000 (რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობა. წარდგენის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

ცნობისთვის, მუხიანში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოიაზრება ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, მუზეუმი, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა. ადგილზე 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ელზა წიკლაური