ვინც განსხვავებულად ფიქრობთ, დედაქალაქის მერი გაძახით "ფარჩაკებს" , ყველაზე დიდი "ფარჩაკი" და მშიშარა არის დედაქალაქის მერი, - ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მერთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ განუცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, "ამ კაცმა იცის ადამიანების შეურაცხყოფა, მეტი მას არაფერი არ შეუძლია".
"ძალიან მარტივი რამე უნდა მეკითხა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თბილისელებს აინტერესებს, აეროპორტის გზაზე რომ აჩიჩქნეს იქაურობა, როდის დაასრულებენ. "ჯეო გრუპს" მთავრობის სხდომაზე რომ ლანძღავს და დამატებით ათობით მილიონი ლარის ხელშეკრულებას აძლევს. ხიზანიშვილის ქუჩაზე გლდანელებს როდის ეღირსება ნორმალური გზა? კანდელაკი რომ გადათხარეს და 8 თვეა არ დაუსრულებიათ ამაზე ლეგიტიმური კითხვები გვაქვს. ეს კაცი რაზე ფიქრობს რომ გაყვლიფა თბილისის ბიუჯეტი. არ გაინტერესებთ საკრებულოში მთავრობის სხდომა რატომ ჩაატარა? მის 100 კვადრატულ სხდომათა დარბაზს არემონტებს, 153 ათასს ხარჯავს ფულს ბიუჯეტიდან და თან შეუკვეთა გორგოლაჭებიანი ტყავის სკამები, გადაზნექილი უნდა იყოს რომ კარგად ჩაჯდეს და 153 ათას ლარს რომ ხარჯავს თბილისელების ფულს, ნორმალურია? რამდენი წელი უნდა იმუშაოს საშუალო სტატისტიკური შემოსავლის მქონე ადამიანმა, რომ ეს ანაზღაურება მიიღოს. საკუთარი ფუფუნების გარდა, საკუთარი სიკეთის გარდა, დივანის და "კრესლოს" გარდა, არაფერი აინტერესებს. „მებელის" ყიდვას აპირებს 153 ათას ლარად? ალბათ იმიტომ უტრიალებდა თავში მთავრობის წინა სხდომაზე "მებელი", კაფელი და ასეთი რაღაცები. საათნახევარია ველოდები მთავრობის სხდომაზე შესვლას რომ კითხვები დამესვა, მაგრამ დედაქალაქის მერი გაურბის კითხვებს. მერე როგორც იქნა შევხვდი აგერ დიდ მეფე ბატონ კალაძეს და მისმა ზრდილობამ და აღზრდამ "ფარჩაკო" გვეძახა. ასეა, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ, დედაქალაქის მერი გაძახით "ფარჩაკებს" რეალობაში, ყველაზე დიდი "ფარჩაკი" და მშიშარა არის დედაქალაქის მერი“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.