მტირალას ეროვნულ პარკში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის პრეზენტაცია გაიმართა

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები მტირალას ეროვნულ პარკში ზიპლაინითა და კანიონინგით ისარგებლებენ.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო იუწყება, ზიპლაინის პრეზენტაციას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

ექსტრემალური ტურისტული სერვისი-ზიპლაინი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და გერმანელი ექსპერტების მხარდაჭერით მოეწყო. ზიპლაინი-ხეებს შორის დახრილ სივრცეზე გაბმული ბაგირია, რომელზეც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტისკენ დაშვება. პარკში დამონტაჟებული ზიპლაინის საერთო სიგრძე 250 მეტრია.

"ახალი ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ვიზიტორთა ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

მტირალას ეროვნული პარკი მოქცეულია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორის. გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით.

პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩნარითაა დაფარული. აქ წარმოდგენილია აჭარისათვის დამახასიათებელი კოლხური ფლორა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პალეოგენური პერიოდის, ტროპიკული ფლორის ნაშთია. ნეოგენურ პერიოდში კლიმატური ცვლილებების გამო მრავალი ტროპიკული სახეობა გადაშენდა, ხოლო შემორჩენილმა სახეობებმა კოლხური რეფუგიუმი შექმნეს, რაც მტირალას ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.