„ანაკლია არის ადგილი, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა, რომ საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიო რუკაზე"

ანაკლია არის ადგილი, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიო რუკაზე,- ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლია ახალი შემობრუნების წერტილი უნდა გახდეს.

„ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით. იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს აფხაზებთან, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან. ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად, ახალი შემობრუნების წერტილი და მომენტი ქართულ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება. სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტის და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია“,- განაცხადა ხაზარაძემ.