„სახელმწიფოში მოკალათებული ე.წ. ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, ანაკლიაში ხორციელდება და უნდა განხორციელდეს პროექტი"

ანაკლიაში ხორციელდება პროექტი და უნდა განხორციელდეს, მიუხედავად საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობისა სახელმწიფოში მოკალათებული ე.წ. ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის გამართვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმას, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია ანაკლიაში გამართეს, თავისი მიზეზები აქვს.

„ეს ადგილი სპეციალურად შევარჩიეთ რამდენიმე მიზეზის გამო. ეს არის ადგილი, სადაც 4 კილომეტრში არიან ჩვენი ძმები და სადაც ჩვენ ე.წ. ხელოვნული საზღვრით ვართ გაყოფილები. ჩვენი მოძრაობა დავიწყეთ აქედან, კიდევ მეორე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ აქ ხორციელდება პროექტი და უნდა განხორციელდეს, მიუხედავად საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობისა სახელმწიფოში მოკალათებული ე.წ. ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ზიანს აყენებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამიტომ, აქ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმას, რომ ეს პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის და ორიენტაციისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი გასაკეთებელი პროექტი. ეს არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის პრაქტიკულად გარღვევა ქართულ ეკონომიკაში, ეს არის გარღვევა სამუშაო ადგილების შექმნაში და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ფუნქციის დაბრუნება გეოპოლიტიკაში. იცით, რომ შავ ზღვაზე მოცურავე გემების 75% დღეს საქართველოში ვერ შემოდის, მარტო ეს პატარა ფაქტი გასაგები რომ იყოს, მიგანიშნებთ იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვიმეორებ, სამუშაო ადგილების შექმნისთვის არამარტო ანაკლიაში, სრულიად საქართველოში. იმიტომ, რომ ეს იქნება ჰაბი, ეს იქნება ინოვაციური ცენტრი, ეს იქნება მწვანე კონცეფცია, დაფუძნებული სმარტ ქალაქის, სმარტ სითის მშენებლობა, რომლის პროექტირება დამთავრებულია და რომლის განხორციელებას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა.