საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არჩევნებამდე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან ის თანამშრომლობას არ აპირებს.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიაში, მოძრაობის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ორგანიზაციას გადაწყვეტილი აქვს 2020 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი, ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოქმედებს.
„ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებისთვის, ამას ვაცხადებთ მთელი სერიოზულობით. იმიტომ, რომ ამ მოძრაობაში, ამ პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავიანთ სფეროებში, სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში. არავისთან არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ნურანაირ ჭორებს ნუ აყვებით. ჩვენ ღია ვართ მედიისთვის. ყველასთან ვისაუბრებთ, მთელ სპექტრს გავესაუბრებით, მაგრამ დამოუკიდებლად, ახალი ძალებით მივალთ არჩევნებზე. არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე. როცა მოვხვდებით პარლამენტში გამარჯვებულები, იქ გადავწყვეტთ ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის რა იქნება მნიშვნელოვანი. ეს იქნება ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ხაზარაძემ.