მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო 140 ქვეყანას შორის მოგზაურობის და ტურიზმის კონკურენტუნარიანობით 68-ე ადგილზე აღმოჩნდა. რეიტინგი შედგენილია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის ბიზნესგარემოს, შრომითი ბაზრის, ტურისტული ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო გახსნილობის, ბუნებრივი მრავალფეროვნების და ა.შ. არიან შეფასებული.
5.4 ქულით 1-ელ ადგილს ესპანეთი იკავებს. მისი ქულა 2017 წელთან შედარებით, 0.3-ით გაიზარდა და 140 ქვეყნის საშუალო ქულაზე ანუ 3.83-ზე 41.4%-ით მეტია.
მე-2 ადილზეა საფრანგეთი ასევე 5.4 ქულით, მე-3 ადგილს და მე-4 ადგილებს გერმანია იაპონია იკავებენ 5.4 ქულით, მე-5-ს ამერიკის შეერთებული შტატები 5.3 ქულით, მეექვსე ადგილზე დიდი ბრიტანეთია 5.2 ქულით, მე-7-ზე ავსტრალია 5.1 ქულით, მე-8 და მე-9 ადგილებსაც 5.1 ქულით იტალია და კანადა იკავებენ, ხოლო მე-10 ადგილზე 5.0 ქულით შვეიცარიაა.
„ტოპ-10 ეკონომიკა უცვლელი დარჩა. ამ ათეულიდან 2017 წლის შემდეგ მე-5 ადგილიდან მე-6-ზე მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა გადაინაცვლა, მე-5 ადგილი კი აშშ-მა დაიკავა“, - აღნიშნულია კვლევაში.
2019 წლის მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროებში კონკურენტუნარიანობის ანგარიშში საქართველო ქვეყნების პირველ ათეულში ვერ მოხვდა. ის 68-ე ადგილს იკავებს. 2017 წლის შემდეგ მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში კონკურენტუნარიანობის ინდექსი საქართველოთვის 4,7-ით გაიზარდა და 2019 წელს, 140 ქვეყნის ქულების საშუალო მაჩვენებელზე 0,7%-ით მეტი შეადგინა.
კვლევის თანახმად, საქართველოს ტურისტული სერვისისა და ინფრასტრუქტურის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ტურისტული სერვისის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ყველაზე მაღალი ქულა პორტუგალიამ დააგროვა, ყველაზე დიდი გაუმჯობესება კი საქართველომ აჩვენა.
რაც შეეხება საქართველოს სხვა ქულებს:
ყველაზე მაღალი ქულები ჩვენმა ქვეყანამ უსაფრთხოებასა და დაცულობაში მიიღო და 6.0 ქულით 140 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზე აღმოჩნდა;
ჯანმრთელობასა და ჰიგიენაში ქვეყანამ ასევე 6.0 ქულა მიიღო და 41-ე ადგილი დაიკავა;
ფასების თვალსაზრისით კონკურენტუნარიანობაში 5.7 ქულა მიიღო და 36-ე ადგილი დაიკავა;
სტუმართმოყვარე გარემოში 5.4 ქულა მიენიჭა და მე-40 ადგილზე აღმოჩნდა;
ბიზნესგარემოში 5.2 ქულა მიიღო და 140 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზეა;
ტურიზმისა და მოგზაურობის პრიორიტეტიზაციაში ასევე, 5.2 მიიღო, რომლითაც 28-ე ადგილი დაიკავა.
ყველაზე დაბალი ქულა - 1.5 კი საქართველომ კულტურულ რესურსებსა და ბიზნეს-მოგზაურობაში მიიღო და 79-ე ადგილზე აღმოჩნდა;
ბუნებრივ და კულტურულ რესურსებში 2.0 ქულა მიიღო და 106-ე ადგილზეა;
ბუნებრივი რესურსებით საქართველომ (2.4 ქულა) 105-ე ადგილი დაიკავა;
საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში 2.5 ქულა მიიღო და 140 ქვეყანას შორის ამ სფეროში 81-ე ადგილზე აღმოჩნდა;
სახმელეთო და საპორტო ინფრასტრუქტურაში 3.2 ქულა მიენიჭა და 74-ე ადგილი დაიკავა.
140 ქვეყნის ეკონომიკაში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში კონკურენტუნარიანობის ინდექსი ზომავს იმ ფაქტორებსა და პოლიტიკას, რომლებიც ამ სექტორის მდგრად განვითარებას განაპირობებს და თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობაში შეაქვს წვლილი.