საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე შოთაძის ხილვა მისთვის მოულოდნელი იყო.
როგორც ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ის დავა, რომელიც ბანკის წინააღმდეგ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა წამოიწყო. როგორც ხაზარაძე ამბობს არსებობდა გარკვეული სქემა, რომლითაც ჩხარტიშვილი, კონკრეტული მოსამართლის ხელშეწყობით თანხებს იღებდა. მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისგან. მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია რას გულისხმობდა ივანიშვილი 100:0-ის მოგებაში.
„სიმართლე გითხრათ ეს 100:0 რა არის ვერ გავიგეთ, რადგან იქ არაფერი არ გვითამაშია არც კალათბურთი და არც სხვა რაღაც. ჩვენს მიმართ ჰქონდა პრეტენზია ჩხარტიშვილს, თემაზე, რომელიც დახურული იყო არჩევნებამდე. 3-4 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას აქვს პრეტენზია იმ თემაზე, რომელიც დახურული იყო იურიდიულად. ჩვენდა გასაოცრად მოითხოვა 30 მილიონი დოლარის პირველივე ინსტანციაში უზრუნველყოფის აღსრულება. ჩვენ რომ შევედით ამ თემაში, აღმოჩნდა, რომ მოსამართლე არის სხვა მსგავს თემებში. კერძოდ, ჩხარტიშვილს აქვს ბევრი დავა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან და ყველა ეს დავა ხვდება ერთ მოსამართლესთან. ეს არის ალგორითმი. წარმოუდგენელია ერთ მოსამართლესთან ყველა ბიზნესდავა ხვდებოდეს და ყველაფერი ასე სწრაფად წყდება. ჩვენმა იურისტებმა თქვეს, რომ ეს არის ძალიან საშიში რამ. იმ წამშივე დავინახეთ, რომ თანხის დაუფლებაზე იყო საქმე და შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, სწორედ ამ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით შედგა მასსა და ივანიშვილს შორის კომუნიკაცია, რომელმაც მხარეებს შეხვედრა შესთავაზა.
„მე ვიყავი გერმანიაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე, როდესაც დამირეკა ივანიშვილმა. ამ საუბარს შეესწრო ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ვინაიდან ისეთ დროს დარეკა, რომ ვერ განვმარტოვდი. იყო საუბარი, რომ იქნებ გამოგვეტანა საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი. ბანკი ჩემი არ არის 100%-ით და არცერთ ბიზნესში არ ვყოფილვარ, სადაც 100% ჩემია და მამუკა წყვეტს. ამიტომ მე ძალიან გამიჭირდა ჩემი უცხოელი პარტნიორების დარწმუნება. გადავურეკე მათ და ვუთხარი რომ მოლაპარაკკების გზით მივყავართ. მქონდა ნდობა ამ კაცის და მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამის უკან სხვა რაღაც იდგა. გამოვიტანეთ საკონსტიტუციოდან სარჩელი იმ მოლოდინით რომ შეხვედრა შედგებოდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.