დარიალის ხეობაში გზის გახსნის კონკრეტული დრო ჯერჯერობით უცნობია

დარიალის ხეობაში გზის გახსნის კონკრეტული დრო ჯერჯერობით უცნობია.

როგორც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ჯოჯუამ განაცხადა, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გზა უახლოეს რამდენიმე საათში გაიხსნას. მისივე თქმით, ამ დროისათვის გზა გაწმენდილია, ძირითადი სამუშაოები შესრულებულია და დარიალის ხეობაში თერგის კალაპოტში დაბრუნებას ცდილობენ.

დარიალის ხეობაში დღეს გზის გახსნა 12:00 საათისთვის იგეგმებოდა, თუმცა, გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, გამთენიისას დარიალში კვლავ ამუშავდა სასიგნალო სისტემა, რის შემდეგაც განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. მოხდა მცირე ჩამოშლები და თერგის ადიდებამ კვლავ დააზიანა გარკვეული მონაკვეთები.

დღესვე დარიალში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩავა და ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ ადგილზე მიიღებს.

დარიალის ხეობაში მეწყერი 10 დღის წინ ჩამოწვა.