„ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა"

მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე გაიმართება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე, მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობის ძირითადი პრინციპები იქნება, „საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა“.

„დღეს ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველი კვირაა და ამიტომ ჩვენ შევხვდით პარასკევს, თუმცა, მთავრობის სხდომები იქნება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე. ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვისაც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, საქმის ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს ღიაობა და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.