თბილისის მერია სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბალანსების შემოწმებას გეგმავს.
კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბალანსების შემოწმების მიზნით აუდიტორული მომსახურების შესყიდვის მიზნით ოთხი ტენდერია გამოცხადებული. ჯამში, საუბარია, 76 ობიექტზე.
კერძოდ, 18 ობიექტის ბალანსის შემოწმების მიზნით გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 368 ლარია, 15 ობიექტის - 89 418 ლარი; 19 ობიექტის შესამოწმებლად - 77 510 ლარია გათვალისწინებული, 24 ობიექტის შესამოწმებლად კი - 49 496 ლარის შესყიდვაა გამოცხადებული.
„აუდიტორული მომსახურება მოიცავს: მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული თითოეული სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის 2017-2018 წლების ფინანსური ანგარიშგების - წლიური ბალანსების (დანართებით) აუდიტორული შემოწმებას და შესაბამისი აუდიტორული დასკვნების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების კალენდარული წლების მიხედვით ცალ-ცალკე მომზადებას. მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; შესამოწმებელი ობიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, აუდიტის ჩატარების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, წერილობითი რეკომენდაციების მიცემას; შესამოწმებელი ობიექტების 2017 და 2018 წლების აუდიტის შედეგების შედარება 2016 წლის აუდიტის დასკვნაში ასახულ შედეგებთან, მათ შორის დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებასა და გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებასთან მიმართებაში და შედარებითი ანალიზი როგორც გაუმჯობესების, ასევე გაუარესების თვალსაზრისით,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების თანახმად, თითოეული ტენდერის შემთხვევაში წინადადებების მიღება 14 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება.