ივანე მაჭვარიანი ხაზარაძის საქმეზე - სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წელია, არ ყოფილა

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის პერიოდში, რაც აქტიურ ბიზნესსა და პოლიტიკაში ვარ, არ ყოფილა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან უპასუხა კითხვას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, სადაც ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილთან დავას ეხებოდა და რომელსაც მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

"თქვენ მისვამთ შეკითხვას ისე, რომ ფაქტი მომხდარია და ჩემი შეფასება გნებავთ. ჯერ დაადასტურეთ ფაქტი, იყო თუ არა შეხვედრა, ვინ იყვნენ. მე არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, არ ვყოფილვარ და აბა, რა გითხრათ? ხოლო წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო“, - განაცხადა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ ზეწოლის კონკრეტული ფაქტები არსებობს, კომპანიებმა ისინი „უნდა გამოიტანონ და დადონ“.

„ამ ქვეყანაში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან დაახლოებით 22 წელი ბიზნესში ვიყავი, 1 წელი ვარ საჯარო სამსახურში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბიზნესზე ზეწოლისგან, ამ ბოლო 25 წლის პერიოდში, რაც ჩემს მეხსიერებაშია და რაც აქტიურ ბიზნესსა და პოლიტიკაში ვარ, არ ყოფილა. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ, დადონ და თუ არ იქნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. დანარჩენი, რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, იქიდან მოყოლებული დღემდე ასე თავისუფალი არ ყოფილა, გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით, იმიტომ კი არა, რომ მთავრობის წევრი ვარ - შეიძლება, დღეს ვარ და ხვალ არ ვიყო მთავრობის წევრი, მაგრამ თუ ადამიანი აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.