ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მთავრობას ინვესტორებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 15 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსორციუმთან აქტიური ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ექსკლუზიურობაზე ჯერ ოფიციალური პოზიცია არ დაგვიფიქსირებია, თუმცა ეს საკითხი კონსორციუმმა ტენდერში გამარჯვების შემდეგ ერთხელ უკვე დააყენა და მაშინ შესაბამისი საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ამ თხოვნაზე თქვა უარი. ამის სანაცვლოდ, სახელმწიფომ მაშინ კონსორციუმს შესთავაზა პროექტში 100 მლნ დოლარის თანამონაწილეობა.
კონსორციუმთან გვაქვს აქტიური ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში, ესაა სამუშაო პროცესი, სადაც ვიხილავთ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკითხებს. ამ ეტაპზე ხდება სამშენებლო კონტრაქტორის ჩვენთან შეთანხმება. ასევე, ბანკებთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას საინვესტიციო ხელშეკრულების ცვლილებების ფორმულირებებსა და იმ პრინციპული შეთანხმებების ასახვაზე, რასაც საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებისას მივაღწიეთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ხელშეკრულებით დადგენილი ერთ-ერთი უახლოესი ვადა 15 ოქტომბერია, როცა კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ბანკებთან საბოლოო შეთანხმება, რასაც მხოლოდ ამ ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა დასჭირდება.
„კონსორციუმმა ასევე უნდა მოაგვაროს საკუთარი კაპიტალის შევსების საკითხი. სწორედ საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილში, კონსორციუმის თხოვნით, შევხვდით ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორს და მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია. მეტი სიახლე ჯერ არ გვაქვს, ისევ ველოდებით „კონტი ჯგუფის“ ჩანაცვლებას და საბოლოო შეთანხმებებს,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.