საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 79.3 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 5.1 პროცენტული პუნქტით და 69.9 პროცენტს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად - 89.8 და 88.4 პროცენტი შეადგინა.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 70.6-მა პროცენტმა, რაც 6.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 78.8 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 58.6 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 69.2 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 72.2 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 96.2 პროცენტს შეადგენს.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში სარგებლობდა ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.1 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.8 პროცენტი კი - უფრო იშვიათად,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.