ჯერჯერობით საუბარია საზოგადოებრივ მოძრაობაზე. ეს არ არის პარტია, რომელსაც თავისი პროგრამა აქვს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრმა, გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორმა, გიგლა მიქაუტაძემ განუცხადა.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა გეგმები, ინიციატივები და ხედვა აქვს „ლელოს“ ეკონომიკური კუთხით, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის ეკონომიკური ჯგუფის წევრი, გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფების ფორმატში ხდება არსებული სიტუაციის ანალიზი, გამოწვევებსა და გამოსავალზე მსჯელობა, უფრო დეტალურად კი მოგვიანებით შეძლებს საუბარს.
„ამ ეტაპზე ჩვენ სამუშაო ჯგუფების ფორმატში ვმუშაობთ. პირადად მე ვარ ვარ ეკონომიკურ ჯგუფში. ჯგუფის წევრები პერიოდულად ვიკრიბებით და ხედვებს ვუზიარებთ ერთმანეთს, ვმსჯელობთ, გვაქვს „ბრეინშტორმინგის“ რეჟიმი. ვაკეთებთ მთელი სისტემის ანალიზს, თუ რა პრობლემები აქვს ქვეყანას, რატომ არის ეს პრობლემები.
ზოგადად ქვეყანაში რომ პრობლემებია, ეს სტატისტიკურ მონაცემებშიც ჩანს. ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის. ქვეყანაში, სადაც სასამართლოს მიმართ არსებობს კითხვის ნიშანი და სადაც საუბარია ერთპიროვნულ მმართველობაზე და ინსტიტუტები ფაქტობრივად, ინგრევა. ინვესტიციები რომ არ შემოვა, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ეკონომიკური ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში ძალიან დაბალი გვაქვს, იმდენად დაბალი, რომ კრიტიკასაც ვერ უძლებს და ფაქტობრივად, დინებას მიჰყვება ქვეყანა, არანაირი გარღვევა არ არის. ეს არის ფუნდამენტური პრობლემები, უფრო კონკრეტულად და დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ სხვადასხვა ფორმატში,“ -განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, მოძრაობა საქმიანობას ჯერ ახლა იწყებს და მას წევრები ემატებიან, რომელთა შორის არიან ცნობადი და ნაკლებად ცნობადი სახეები. ამასთან, მიქაუტაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიაში საზოგადოებრივი მოძრაობის გარკვეული ნაწილი იქნება წარმოდგენილი.
„ეს სამოქალაქო მოძრაობის საწყისებზე არსებული ჯგუფია. ეს არის ჯერ დასაწყისი, არ ჩათვალოთ, რომ ეს პარტიაა და მზადაა ხვალ ხელისუფლებაში მოსვლისთვის. მოძრაობა პოლიტიკურია, მაგრამ არა პარტიული, იმიტომ, რომ მოძრაობაში ბევრი ადამიანია, ვისაც პარტია არ აინტერესებს და უბრალოდ უნდა თავისი გამოცდილება გაუზიაროს სხვებს. ჩვენ ყოველდღე გვემატება ხალხი, მათ შორის უცხოეთიდან.
რაც შეეხება პარტიას, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდება, იქ საზოგადოებრივი მოძრაობის რაღაც ნაწილი იქნება, რაღაც ნაწილი არ იქნება, ეს უკვე სხვა ეტაპი და სხვა მიმართულებაა,“ - განაცხადა მიქაუტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააარსა და როგორც მან პრეზენტაციაზე განაცხადა, გაერთიანება 12 ადამიანს მოძებნის ყველა სფეროში, რომელიც ლიდერი იქნება.
„მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიას ოქტომბერში დააფუძნებს.