„აუთლეთები“ პირდაპირი დარტყმაა ჩვენი მსგავსი კომპანიისთვის“ - რატომ ვერ ხსნის ქართული ბრენდი მაღაზიას თბილისში

კომპანია „იმერი“, რომელსაც სამკერვალო ქუთაისში აქვს, თბილისში მაღაზიას აღარ გახსნის. ამის მიზეზი, დედაქალაქში იჯარის მაღალი გადასახადი და ამასთან, უცხოურ ბრენდებთან კონკურენციაა. როგორც კომპანიის დირექტორი მაია სიდამონიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ „იმერის“ გაყიდვები არ შემცირებულა, გაზრდილი კონკურენცია და ქირის მაღალი გადასახადი, მოგებას ამცირებს. შესაბამისად, კომპანია კვალავ ქუთაისში მოქმედი ორი მაღაზიით გააგრძელებს საქმიანობას.

„იმერი“ ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს კერავს. ამასთან, წარმოდგენილი პროდუქციის 95%-ის ექსპორტს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ახორციელებს. დარჩენილი 5%-ის რეალიზება კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სამკერვალო კომპანია „იმერი“ 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია "ლებეკთან", რომელიც დღესაც მის ერთ-ერთ უმსხვილეს და უმთავრეს პარტნიორად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ კომპანია „იმერს“ მაღაზია თბილისში, ბულაჩაურის #53-ში უკვე ჰქონდა. თუმცა, „ბუტიკი“ სწორედ იმ მიზეზით დახურა, რომ გაზრდილმა კონკურენციამ და ფართის ქირის გაძვირებამ მოგება შეამცირა.

„ფართების მაღალი ფასებია იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ თბილისში მაღაზიის გახსნა გადავიფიქრეთ. როდესაც ბულაჩაურის ქუჩაზე მაღაზია დავხურეთ, ფართი არ გვყოფნიდა, გაცილებით დიდი კოლექცია იყო. გაფართოვებამ კი იჯარის ფასის ზრდა გამოიწვია. ამას დაემატა ისიც, რომ ბაზარზე ძალიან ბევრი საშუალო სეგმენტზე მორგებული უცხოური ბრენდი შემოვიდა. მართალია, გაყიდვები არ შემცირებულა, მაგრამ არც გაიზარდა, ამიტომ მაღაზია დავხურეთ.

ადგილობრივი მომხმარებელი ქართულ ბრენდზე უარს არ ამბობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში ძალიან ბევრი „აუთლეთი“ გაიხსნა, ამას ლარის გაუფასურებაც დაემატა, ჩვენთვის თბილისში მაღაზიის გახსნა არამომგებიანი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ „აუთლეთები“ ყველაზე დიდი დარტყმაა ჩვენი მსგავსი, საშუალო სეგმენტზე მორგებული კომპანიისთვის“,-აცხადებს მაია სიდამონიძე.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად კომპანია ქუთაისში მდებარე, საკუთარი ორი მაღაზიით აგრძელებს მუშაობას, რადგან იქ ხარჯი ნაკლებია. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კი, თბილისში „ბუტიკის“ გახსნას აღარ აპირებს.

„როგორც იცით, ჩვენ ძირითადად უცხოურ შეკვეთებზე ვმუშაობთ, ანუ მხოლოდ ვკერავთ და ამის ღირებულებას ვიღებთ. დამატებითი იყო ტანსაცმლის მაღაზიის ხაზი. ქუთაისში ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას. იქ ხარჯი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე თბილისში. ალბათ, უახლოსი 1 წელი მაინც, დედაქალაქში მაღაზიის გახსნას აღარ ვგეგმავთ“,-აცხადებს მაია სიდამონიძე.

ცნობისთვის, კომპანიაში „იმერი“ ამჟამად 500-მდე ადამიანია დასაქმებული.

ნინი ქეთელაური