საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" 07.00-დან 18.00 საათამდე იმუშავებს

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" გაიხსნა, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით იმუშავებს.

დარიალის ხეობაში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე, სტიქიური უბედურების შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრები და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, საბაჟო გამშვები პუნქტი იმუშავებს ყოველდღე, დილის 07:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ამ დროისთვის უკვე მოხერხდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანისა და ქვეითად მოსიარულე მგზავრების გატარება.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ვითარების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.

დარიალის ხეობაში მეწყერი 10 დღის წინ ჩამოწვა, რის შემდეგაც საბაჟოს მუშაობა პარალიზებული იყო.