„შიდა კონტროლის მექანიზმები სუსტია, არსებობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა"

12 ორგანიზაციაში გამოვლინდა ჯამში 875 შემთხვევა, როდესაც განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში/მივლინებაში ყოფნის პერიოდში, ხდებოდა ავტომობილების ექსპლოატაცია, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების უწყებათაშორისი აუდიტი ჩაატარა. დასკვნის თანახმად, შესწავლილი 34 უწყებიდან 32-ში არ ხდება სამორიგეო ავტომობილების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლი, რაც სამორიგეო ავტომობილის არადანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

რაც შეეხება საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს, აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით 34 ორგანიზაციიდან 6-ში, გარდა სამსახურებრივი მანქანებისა, კანონმდებლობის შესაბამისად, საწვავის ლიმიტი დაწესებული იყო თანამშრომლების პირად მანქანებზე. თუმცა, დაუსაბუთებელია კონკრეტულ თანამშრომელზე საწვავის ლიმიტის საჭიროება და რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები;

„შესწავლილ ობიექტებში ავტოპარკის საწვავით გამართვასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის მექანიზმები სუსტია და ასევე დახვეწას საჭიროებს აღნიშნული საკითხის მომწესრიგებელი ნორმებიც. შესაბამისად, არსებობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახური საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს, მათ შორის მიუთითებს ავტომანქანების გადაადგილების კონტროლისა და საწვავის ჩასხმის კონტროლის მექანიზმების აუცილებლობაზე.

აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების უწყებათაშორისი აუდიტი შსს-ში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჩაატარა. ასევე უწყებების დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში, რომელთა საერთო რაოდენობამ, ჯამში 34 შეადგინა.