Disney-ის თავკაცმა Apple-ის დირექტორთა საბჭო დატოვა

კინოსტუდიაThe Walt Disney Company-ის ხელმძღვანელმა რობერტ აიგერმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს კომპანია Apple-ის დირექტორთა საბჭო.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ჟურნალი The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აიგერმა საბჭო 10 სექტემბერს დატოვა, მას შემდეგ რაც Apple-მა გაავრცელა ინფორმაცია საკუთარი სტრიმინგ სერვისის - Apple TV+ ამოქმედების შესახებ მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან. აღსანიშნავია, რომ საკუთარ სტრიმინგ სერვისს 12 ნოემბერს ჩაუშვებს თავად The Walt Disney Company-იც და მას Disney+ ერქმევა. ამ ორ კომპანიას კი ერთმანეთთან კონკურენცია მოუწევს.

საკუთარ განცხადებაში Apple-მა მადლობა გადაუხადა აიგერს საბჭოში თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა Disney-სთან მომავალ თანამშრომლობაზე. აიგერმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ Apple-ში გატარებული დროისთვის ყოველთვის მადლიერი იქნება.

ცნობისთვის, აიგერი Apple-ში დირექტორთა საბჭოს წევრი 2011 წლიდან იყო.

კოკა კვირკველია