მარი ლაგვილავამ დაამტკიცა, რომ სულაც არ არის რთული რიგითმა ადამიანმა დააინტერესოს, მოიზიდოს უცხოელი ტურისტი, მოაწონოს მას საკუთარი კუთხე, სოფელი, მოხიბლოს მშობლიური ეზოთი, ოჯახური ტრადიციებით და სტუმართმოყვარეობით. სახლი, სადაც მარიმ ღვინის ბარი გახსნა, 120 წლისაა და თუშეთში მდებარეობს. წლების წინ ამ სახლში მარის მეუღლის დიდი ბებია, მარო სისაური ცხოვრობდა, რომელმაც ერთადერთი ვაჟი ომში გაუშვა. წლების განმავლობაში ელოდებოდა შინ დარჩენილი დედა შვილს, მაგრამ ევსო იჭირაული ომიდან აღარ დაბრუნებულა. სახლში დღემდე ინახება მისი ტანსაცმელი, რომელსაც დედა ყოველდღე რუდუნებით უვლიდა და ეფერებოდა. სახლის ახლანდელი ბინადრებისთვის თითოეული ნივთი, მოგონება ძალიან ძვირფასია და სათუთად უფრთხილდებიან.
- მიყვარს კითხვა, წერა, ფიქრი და საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ვარ მეოცნებე, თუმცა ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ ჩემი ოცნება და რეალობა ემთხვევა ერთმანეთს, რაც ძალიან მახარებს. ფანტაზიის ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდი, რაც მეხმარება ახალი იდეების მოფიქრებაში. ამ იდეების რეალიზება ჩემთვის საინტერესო პროცესია და სიამოვნებას მანიჭებს. მოძრაობა და განვითარება, ეს არის ის, რასაც საკუთარ თავს მუდმივად ვუმეორებ. გაქვს იდეა? უნდა განახორციელო, უნდა იმოძრაო, თორემ ერთ ადგილას გაიყინები, იდეა კი იდეად დარჩება. პირველი ნაბიჯი რა თქმა უნდა რთული გადასადგმელია, მაგრამ უნდა გადადგა, მერე კი ყველაფერი თავისთავად ხდება. მიხარია, როცა სტიმულს ვაძლევ ადამიანებს, ვუბიძგებ განვითარებისკენ. სამი თვეა, რაც მთაში ვცხოვრობ. ეს ბევრად მეტია ჩემთვის, ვიდრე სტაბილური სამსახური. ვცდილობ დამოუკიდებელი ვიყო, თბილისშიც კი ჩემი საქმე მქონდეს. ეს ჩემი ცხოვრების სტილია. სწორედ ამიტომ, ჩემს ირგვლივაც შეიცვალა დამოკიდებულება, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს აკეთოს ის, რაც უყვარს, იპოვონ საკუთარი თავი. მთავარია არ დაივიწყო წარსული, მაგრამ იცხოვრე აწმყოთი და იფიქრე მომავალზე და ყველაფერი კარგად იქნება. მყავს მეუღლე რომა და ორი შვილი, ლუკა და ნიკოლოზი. ყველაზე დიდი სტიმული ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანები არიან. მუდამ გვერდით მიდგანან და მაბედნიერებენ. მათ გარეშე ერთი წამიც ვერ წარმომიდგენია. ასევე დედა და მამა. სიტყვები ალბათ არ არის საკმარისი და ვერც გამოვნახავ სათანადო სიტყვებს, რომ აღვწერო მათი დამოკიდებულება. თავისუფალ ადამიანად გამზარდეს და ყოველთვის გვერდით მიდგანან, ყველა გადაწყვეტილებაში რაც კი მიმიღია, მათ მხარდაჭერას და უზომოდ დიდ სიყვარულს ვგრძნობ.
- თბილისში რას საქმიანობდით და რატომ გადაწყვიტეთ თუშეთში დაბრუნება?
- დამთავრებული მაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. ჩემს მეუღლესაც უნივერსიტეტში შევხვდი. რომა დედით თუშია. პირველად ომალოში 10 წლის წინ ამოვედი. მაშინ ჩემი უფროსი შვილი ლუკა ერთი წლის იყო. ერთი ნახვით შეყვარება, დაახლოებით ასე დამემართა. ულამაზესი გზა, რომელიც გავიარე, შემდეგ მთებში ჩაკარგული პატარა სოფელი - ომალო... საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველაფერი შთაბეჭდილებას ახდენდა - გოროზი მთები, ამაყად რომ დაგცქერიან, სიმწვანე და ძველი სახლი, თავისი უნიკალური სულით. რომას დედას, ნინოს, დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ რომას შეაყვარა თუშეთი, წინაპრების სახლი, რომელსაც მუდმივად უვლიდა და შემდეგ უკვე - მე. ნინიკომ გამაცნო თუშეთი თავისი ლეგენდებით, მითებით, მისტიკით და მეც, თუშეთში პირველად ასული გოგო, მოჯადოებული დავბრუნდი უკან.წლების განმავლობაში გვქონდა საოჯახო სასტუმრო, თუმცა შარშან გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ახალი შეგვეთავაზებინა ტურისტებისთვის. სივრცე, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდნენ, დასხდებოდნენ, დააგემოვნებდნენ ღვინოს, წაიკითხავდნენ წიგნებს, მოუსმენდნენ მუსიკას. სადაც მშვიდი და მყუდრო გარემო იქნებოდა შექმნილი. იდეა იდეად არ დარჩა და თუშეთში პირველი ღვინის ბარი გავხსენით.აქ თუ რამე კეთდება, ყველაფერი ჩვენი და ჩვენი მეგობრების დახმარებით. ჩემს მეუღლეს ტურისტული კომპანია აქვს და მუდმივად მუშაობს ზაფხულში. მიუხედავად ამისა, მაინც პოულობს დროს, რომ რაღაც ახალი შემატოს სახლს. წელს მაგალითად სამზარეულო მოვაწესრიგეთ, მაგიდები და სკამები ავაწყვეთ. მზის პანელები, პოლონელმა მეგობრებმა გვაჩუქეს და უკვე დენიც გვაქვს. ასე მივიწევთ წინ.
- სახლს, რომელშიც ღვინის ბარი გახსენით, მრავალწლიანი ისტორია აქვს. მოგვიყევით სახლის შესახებ.
- ეს სახლი ჩემი მეუღლის დიდმა პაპამ რეზო იჭირაულმა გადააკეთა, მე-20 საუკუნის დასაწყისში. სახლი 120 წლისაა. ეზოში ორი ციხე-სახლი იდგა, ერთი დაანგრია და მეორეს ფუძეზე აშენდა ის სახლი, რომელიც ახლა დგას პირვანდელი სახით. რეზო იჭირაულს და მარო სისაურს (დიდი პაპა და ბებია) ოთხი შვილი შეეძინათ. სამი გოგო და ერთი ბიჭი. უფროსი გოგო მალევე გარდაეცვალათ.ბიჭი ევსო, მოსკოვში ლომონოსოვის ინსტიტუტში გერმანული ენის ფაკულტეტზე სწავლობდა, მეორე მსოფლიო ომმა რომ მოუსწრო. ევსო ომში წავიდა. იმ დღის მერე დედა შვილის ტანსაცმელს ყოველ დილით ამზეურებდა იმ იმედით, რომ მისი შვილი ომიდან დაბრუნდებოდა. სახლში დღემდე ინახება ეს ტანსაცმელი. ევსო იჭირაული ომიდან აღარ დაბრუნებულა... დღემდე დაკარგულთა სიაში იწერება. რეზო პაპა 1967 წელს გარდაიცვალა, მარო ბებო კი - ღრმად მოხუცებული. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ელოდა შვილის დაბრუნებას.
- როგორ მოახერხეთ, ტურისტებისთვის გაგეცნოთ თქვენი ეზო, რით მიიზიდეთ ისინი და რა განსაკუთრებული ნიშა გაქვთ?
- წლების განმავლობაში როცა გიწევს ტურისტებთან ურთიერთობა, დაახლოებით მათ გემოვნებას, მოთხოვნილებებსაც ეცნობი. როცა საქართველოში მოდიან, ელოდებიან, რომ აქ დააგემოვნებენ ხარისხიან ქართულ ღვინოს, რომელიც უნიკალურია მსოფლიოს მასშტაბით. არა აქვს მნიშვნელობა, მთაში არიან თუ ბარში. მათ ყოველთვის ვესაუბრები ტრადიციებზე, ვაცნობ საქართველოს კულტურას და ისტორიას. ვთავაზობ ადგილს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ. წყნარი მუსიკა, საზაფხულო ბიბლიოთეკა, არატრადიციულად მოწყობილი ეზო, რომელიც რა თქმა უნდა ტრადიციულ ელემენტებსაც შეიცავს არის ის, რაც იზიდავთ, მოწონთ და მადლობას მიხდიან, ამ გარემოსთვის.