კახეთის რეგიონში რთველი 2019-ის დაწყებიდან დღემდე, ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესი კახეთში ორგანიზებულად მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ.
14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 21 ათასი ტონა რქაწითელი, 11 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში, 50-მდე ღვინის საწარმომ 7 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა, რაც მიანიშნებს, რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია. ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული.
რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ჩაერთვებიან. წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.