არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს.
ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან.
„ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავდიოდით ყველანაირ შემოწმებას სახანძრო სამსახურიდან. საბჭოთა კავშირში არსებობდა წესები და ჩვენს მთავრობას მიღებული აქვს არარსებული ნორმა, თუ რაიმე გინდოდათ აგეღოთ, აგეღოთ იმ ქვეყნიდან, საითკენაც მივდივართ და არა არარსებული ქვეყნიდან. დღეს ამ ნორმებზე დაყრდნობით სახანძრო სამსახურმა წარმოგვიდგინა მათი შემოწმების აქტი, რომელსაც ჩვენ ფიზიკურადა ვერ გავაკეთებთ, რადგან კონსტრუქციებს შევასუსტებთ. არ ვაპირებ ამის გაკეთებას, ვაპირებ სასამართლოში სარჩელის შეტანას. ყველაზე დიდი საშიშროება ის არის რომ ახალი ობიექტის აშენებას ვაპირებთ და ისიც არ ვიცით, თუ ბეჭედს დაგვისვამენ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან, იმის გარანტიაც არ გვაქვს, რომ ხვალ ახალ ინსპექტორს არ გაუჩნდება ახალი იდეები და მის შესრულებას არ მოგვთხოვს“,- განაცხადა სოფრომაძემ.