საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა - -0.4 პროცენტი);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა - 6.0 პროცენტი);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა - 5.6 პროცენტი).

„2019 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 913.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 419.8 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 69.1 და 85.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2019 წლის მე-2 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 90.7 ლარით გაიზარდა და 1 241.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 138.1 ლარი, წლიური ზრდა 3.2 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1 804.0 ლარი, წლიური ზრდა 4.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.

საანგარიშო პერიოდში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 50.1 ლარით და 1 073.9 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი