გერმანიის მმართველი კოალიცია კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად 40 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. კოალიციაში აცხადებენ, რომ მათ მიზანს 1990 წელთან შედარებით 2030 წლისთვის გერმანიაში ბუნებრივი აირის მოხმარების 55%-ით შემცირება წარმოადგენს.
თანხის გამოყოფა 2023 წლამდე უნდა მოხერხდეს და დაიწყოს მისი გეგმის მიხედვით ხარჯვა. აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელის მთავრობას ბიზნესმენების დასარწმუნებლად დიდი ხანი დასჭირდა, რადგან ბიზნესის აზრით, ამ ოდენობის თანხის გამოყოფა გერმანიის ეკონომიკას დააზარალებდა.
„ერთის მხრივ, ჩვენს გვსურს დავიცვათ გარემო, რადგან ესაა ჩვენი საზოგადოების ნათელი მესიჯი და დავალება. მეორე მხრივ კი, გვსურს შევინარჩუნოთ ეკონომიკური სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენ გამოვნახეთ საუკეთესო ვატიანტი, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და გვაქვს გაწერილი გეგმა", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
უფრო კონკრეტულად კი, გერმანიის ხელისუფლება მზადაა, ელექტრომობილების წარმოებაში უფრო მეტი რესურსი ჩადოს, მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ელექტროავტომობილების დასამუხტი სადგურები, გაზარდოს გადასახადები იმ ავტომაგისტრალებზე, რომლებსაც საწვავზე მომუშავე ავტომობილები იყენებენ, გასათბობად ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადავიდეს რაც შეიძლება მეტი შენობა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე გერმანიის ხელისუფლება მას შემდეგ მივიდა, რაც გერმანიაში სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა გარემოს დაცვის მიზნით მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. მმართველ კოალიციას იმედი აქვს, რომ 2030 წლამდე გეგმის შესრულებას მოახერხებენ.