საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს პროკურატურის მხრიდან სადავოდ გახდილი 17 მილიონი სააკაშვილის ხელისუფლებამ წაიღო. როგორც ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, თანხა „თიბისი ბანკის“ კაპიტალის გამაგრებას მოხმარდა. ხაზარაძე ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ექსპეტრიზითაც დასტურდება, რომ აღნიშნული 17 მილიონი დოლარი ბანკის კაპიტალისთვის იყო გამოყენებული.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ მასშტაბური თავდასხმები დაიწყო, პარტნიორ ბანკებს დავუკავშირდი და მოვითხოვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სასამართლო ექსპერტიზული მოკვლევის ჩატარება. უარზე იყვნენ, ამის საჭიროება არ არისო. თუმცა მე მაინც მოვითხოვე. ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან მსოფლიო ბაზარზე ყველა კონტინენტიდან გვყავს ინვესტორი. ერთი სიტყვით, მსოფლიოში ცნობილმა იურიდიულმა კომპანია "ბეიკერ მაკენზიმ" დაიქირავა აუდიტორული კომპანია KPMG, რომელსაც აქვს სპეციალური დეპარტამენტი, სადაც ფინანსური მაქინაციების ექსპერტიზებზე მუშაობენ. მისმა წარმომადგენლებმა ყველას ჩამოგვართვეს ინტერვიუ და ჩამოიტანეს სპეციალური პროგრამა, რომლითაც ბოლო 15 წლის ინფორმაცია გადმოიწერეს, შეადგინეს რუკა, სადაც ყველა ტრანზაქცია იყო ასახული. ჩატარდა კორპორაციული მართვის აუდიტიც, შეხვდნენ ყველა მსხვილ აქციონერს. ცნობისთვის: 105 საერთაშორისო აქციონერი გვყავს, მათგან 30% ამერიკელია, 30% ბრიტანელი, დანარჩენი კი მსოფლიოს სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ეს მოხდა ივნისის დამდეგს, ხოლო 24 ივნისს გვქონდა ყოველწლიური აქციონერთა კრება, რომლის არჩევნებზეც მე და ბადრი ხმათა 98%-ით აგვირჩიეს, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგად მათ ჩვენთან კითხვებიც კი არ გასჩენიათ. ამის შემდეგ, 9 ივლისს, გავაკეთე განცხადება მოძრაობის შექმნის შესახებ, რის მერეც ჩემზე სისხლის სამართლის საქმე ოფიციალურად აღიძრა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ მას არასოდეს დაუფინანსებია არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ არასდროს არც "ნაციონალები" და არც "ოცნება" არ დაგვიფინანსებია. იმიტომაც გადავრჩით, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გავრიგებულვართ. შემოტევები სულ იყო, მაგრამ არსებობდა წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას ერიდებოდნენ, რადგან იმის იქით საერთაშორისო დონორი იდგა. პროკურატურას იმიტომაც გავატანეთ ბოლო 12 წლის დოკუმენტაცია, რომ დასამალი არაფერი გვქონდა. ვინმეს ჰგონია, რომ მსოფლიო ვერ ხედავს, როდესაც ერთ ბანკს სახელმწიფო თავს ესხმის? ინვესტორებს მილიარდიანი ზარალი მიაყენეს. ეს არ არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება?! მამუკა ხაზარაძეს კი არა, სტრუქტურას ანგრევენ. ამისთვის ანტისაბანკო პროპაგანდა მოიფიქრეს და არავინ ლაპარაკობს ონლაინკრედიტებზე, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა დაანგრია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.