შვეიცარიაში მოსავალს დრონების დახმარებით მოუვლიან

ბოლო წლების განმავლობაში დრონის არაერთი მოდელი შეიქმნა, რომლის გამოყენებასაც სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის, სოფლის მეურნეობაშიც ცდილობენ. გარდა მინდვრებისა და ბაღების საჰაერო გადაღებისა, შვეიცარიაში მოსავლის დაცვასაც უკვე დრონების დახმარებით იწყებენ. ამჟამად შვეიცარია ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული მიზნით დრონის გამოყენების ნებართვა მიიღო. ოფიციალური ნებართვის მიღებას კი, ხუთი ფედერალური დეპარტამენტის ორწლიანი კოორდინირებული მუშაობა დასჭირდა.

Fruit-iform-ის მიხედვით, შვეიცარიაში დრონებს მოსავლის შესაწამლად ადრეც იყენებდნენ, თუმცა ისინი დაფრინავდნენ მაღალ სიმაღლეზე, რის გამოც სითხე მეზობელი, არასასოფლო დანიშნულების ტერიტორიაზეც იღვრებოდა. გარემოსთვის ზიანის მიყენების მიზეზით კი, არაერთი საჩივარი იწერებოდა.

რაც შეეხება ახალ დრონებს, მოწყობილობა დაფრინავს დაბალ სიმაღლეზე, რაც სითხის არამიზნობრივ ობიექტებში დაფრქვევის რისკებს ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ დრონის მართვა ნაწილობრივ ავტომატიზირებულია და დისტანციურად ხორციელდება. მოწყობილობა მცენარეების სიმაღლეზე დაფრინავს, რაც უზრუნველყოფს მცენარის დამუშავებას მეტი სიზუსტით.

ამასთან, დადგენილია ის ყველა სტანდარტი, რომლის დაცვითაც მოხდება დრონების გამოყენება, რათა გარემოს ზიანი არ მიადგეს.

თვითმფრინავების მსგავსად, დრონების ტექნიკური შემოწმებაც 3 წელიწადში ერთხელ მოხდება.

ნინი ქეთელაური