მომავალში რა რანგშიც ვიმუშავებ ევროპარლამენტში თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუციაში, მექნება საშუალება, რომ ამ კონკრეტული ქვეყნის საჭიროებები და ინტერესები დავიცვა,- ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან ევროპული სკოლის შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს მისი მონაწილეობით გაიხსნა და აღნიშნა, რომ სურს საქართველოში სკოლის დასათვალიერებლად დაბრუნდეს.
„ყოველთვის მექნება ვალდებულება ქვეყნის წინაშე და განზრახვა მაქვს, რომ საქართველოში ჩამოვიდე მომავალშიც იმისათვის, რომ ვნახო წინსვლა და ევროპული სკოლა დავათვალიერო,“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
მან ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ თანამდებობებზე ხალხი შესაძლოა იცვლება, თუმცა, ინსტიტუციები რჩება, საქართველო კი ევროკავშირის სანდო პარტნიორია.
„თქვენ ხართ ნამდვილად ჩვენი სანდო პარტნიორი და ხალხი შეიძლება იცვლებოდეს თანამდებობებზე, მაგრამ ინსტიტუციები რჩებიან, ინსტიტუციები არიან წარმოდგენილი ხალხის სულისკვეთებით და ეს ინსტიტუციები ძლიერია,“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.