თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება

17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება EU4Business-EBRD-ისა და უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის ინიციატივითა და უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართება.

"ბიზნესფორუმს დაესწრებიან 23 საკვები პროდუქტების (ხორცის, რძის, საკონდიტრო ნაწარმის, ყავის და ჩაის) მწარმოებელი უკრაინული კომპანია და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ქართველი მეწარმეები.

ღონისძიების მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე გააფართოვონ ბიზნესურთიერთობების არეალი და ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

უკრაინული დელეგაციის ფარგლებში თბილისს ბიზნესმენებთან ერთად უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი ოლგა ტროფიმტსევა, უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის დირექტორი ანდრეი დემჩუკი და EBRD-ის მცირე ბიზნესის მრჩეველი იულია კრევსკა ეწვევიან. ბიზნესფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორი გიორგი პერტაია.

საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უკრაინა წარმოადგენს საქართველოს საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს პარტნიორს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც საქართველო ღია ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩაერთო, უკრაინა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის, იკავებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს, როგორც ექსპორტის, ასევე, იმპორტის თვალსაზრისით",- ნათქვამია "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" განცხადებაში.