"რეზონანსი" - საგზაო ბიტუმისა და საავიაციო ნავთის იმპორტმა საგრძნობლად მოიმატა

მიმდინარე წლის 8 თვის განვალობაში საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იზრდება. განსაკუთრებით კი, საგზაო ბიტუმისა და საავიაციო ნავთის იმპორტმა მოიმატა, რაც ქვეყანაში მომდინარე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება. ერთადერთი სეგმენტი საწვავის ბიზნესში საცხებ-საპოხი მასალებია, სადაც იმპორტის კლება ფიქსირდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში სანავთობო ბიტუმის დიდი მომწოდებელი ირანის რესპუბლიკაა, ხოლო საავიაციო ნავთის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით თურქმენეთიდან განხორციელდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აგვისტოს თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,50 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,36 ათასი ტონა (22,5%), რუსეთი - 0,17 ათასი ტონა (10,6%), გერმანია - 0,13 ათასი ტონა (8,1%), უკრაინა - 0,10 ათასი ტონა (6,25%) და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 12,8 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,8 ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით მეტია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით, მთვრალაშვილის თქმით, 2019 წლის აგვისტოში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 6,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 48,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 3,3 ათასი ტონა (25,8%), თურქეთი - 3,3 ათასი ტონა (25,8%).

,,მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 75,5 ათასი ტონა, რაც 10,50 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (65,0 ათასი ტონა).

2019 წლის აგვისტოში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 27,5 ათასი ტონა, რაც 8,2 ათასი ტონით აღემატება ივლისის მაჩვენებელს. აქედან იმპორტის 80,7% (22,2 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 3,2 ათასი ტონა (11,6%), აზერბაიჯანი - 1,9 ათასი ტონა (6,9%), თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (0,7%).

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 110,5 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (58,1 ათასი ტონა) 52,4 ათასი ტონით აღემატება”, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

მისი ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში გათხევადებული აირების (ელპიჯი) იმპორტმა შეადგინა 2,1 ათასი ტონა, რაც ივლისის მონაცემს 0,3 ათასი ტონით აღემატება.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 11,0 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (9,2 ათასი ტონა).

,,2019 წელი ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრისთვის არის მნიშვნელოვანი, საწვავის გარდა, ყველა სხვა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი და მოხმარება გაზრდილია. ყველაზე მეტად საგზაო ბიტუმის მოხმარების ზრდაა, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები გააქტიურებულია. მასშტაბურად მიმდინარეობს გზების მშენებლობა, რამაც სანავთობო ბიტუმის იმპორტზეც ადეკვატურად იმოქმედა და მოხმარება გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საავიაციოო ნავთის იმპორტშიც, რაც ტურისტების რაოდენობაზე მიუთითებს.

სერიოზული ზრდაა თხევადი აირის იმპორტშიც, ეს არის არის ბენზინის ალტერნატივე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელსაც სხვა სახეობის საწვავისგან ძირითადად ფასი განსახვავებს. ამიტომაა, რომ თხევადი აირის იმპორტი და მოხმარება გაზრდილია. დღესდღეობით ამ კატეგორიის საწვავს 5 ათასზე მეტი ავტოსტარანსპორტო საშუალება მოიხმარს. წლების განმავლობაში მოსახლეობა მას სოციალური თვალსაზრისით მოიხმარდა, საოჯახო მოხმარებისთვის, თუმცა გაზიფიცირების პროცესის გამო მოთხოვნა ბოლო წლებში შემცირდა. თუმცა სატრანსპორტო საშუალებებში თხევადი აირი უფრო და უფრო პოპულარული გახდა და შედეგიც სახეზეა”, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ აღმავალი ტრენდი ნავთობპროდუქტების ბაზარზე სამომავლოდაც შენარჩუნდება.

,,ქართულ ეკონომიკაში დიდი აქტიურობაა და ამ პროცესმა ნავთობპროდუქტების ბაზარზეც იმოქმედა. კერძოდ, გზების მშენებლობის ტემპი მაღალია, ასევე აქტიურდება ტურისტული სფერო, წინ ზამთრის ტურიზმი გველოდება, რაც გვაფიქრებს, რომ დამსვენებლების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და საავიაციო ნავთზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება. როგორც აღვნიშნე, თხევადი აირის მომხმარებელი ავტოსატრანსპორტო საშულებებიც რაოდენობაც მატულობს. ამდენად, მყარი საფუძველია ითქვას, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტი და, შესაბამისად, მოხმარებაც მომდევნო თვეების განმავლობაში მაღალ დონეზე შენარჩუნდება”, - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს”.

მარიკა გოგოხია

გაზეთი "რეზონანსი"