"ბოლო წლებში უმუშევრობის შემცირების კუთხით გარკვეული წინსვლა არის, მაგრამ არა იმ დონით, რაც დააკმაყოფილებდა ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ"

ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული წინსვლაა უმუშევრობის მიმართულებით, მაგრამ არა იმ დონით, რაც დააკმაყოფილებდა იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და მათი უმრავლესობისთვის სამუშაო ადგილები კვლავ მთავარ ეროვნულ საკითხად რჩება.

კახა კალაძის თქმით, უმუშევრობის პრობლემასთან მიმართებით კიდევ ბევრია სამუშაო.

"კვლევებზე ჩვენი დამოკიდებულება იცით. ზოგადად, უმუშევრობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ახალი არ არის. ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული წინსვლა ამ მიმართულებით არის, მაგრამ არა იმ დონით, რაც დააკმაყოფილებდა იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და აწუხებს ეს პრობლემა. ამიტომ ვიმეორებ, ძალიან ბევრია გასაკეთებელი და სამუშაო იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემცირდეს უმუშევრობის რაოდენობა," - განაცხადა კახა კალაძემ.