NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 50% რთული ოპერაციისა ან მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში მის გაკეთებას საზღვარგარეთ ამჯობინებდა, გამოკითხულების 41% საქართველოს ამჯობინებს, ხოლო 9%-მა არ იცის.
სამედიცინო დიაგნოზს, რომელსაც საქართველოში სვამენ ექიმები, გამოკითხულთა 18% სრულიად, 61% კი - ნაწილობრივ ენდობა. დიაგნოზს ნაწილობრივ არ ენდობა გამოკითხულთა 12%, ხოლო 6% - საერთოდ არ ენდობა.
კითხვაზე, „ოდესმე გიგრძნიათ თუ არა, რომ ექიმმა არასაჭირო წამალი გამოგიწერათ, რათა პირადი ფინანსური სარგებელი მიეღო“, გამოკითხულთა 25% დადებით პასუხს სცემს, 70% - უარყოფითს, ხოლო 5%-მა არ იცის.
კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გამოკითხული მოსახლეობის 64% სარგებლობს, 34% კი - არ სარგებლობს. მოსარგებლეთაგან 10% აღნიშნავს, რომ პროგრამა ფარავს მათ ყველა სამედიცინო ხარჯს; 48%-ის თქმით, პროგრამა მათი ხარჯების ძირითად ნაწილს ფარავს, 34%-ისთვის კი - მცირე ნაწილს. 2% აღნიშნავს, რომ პროგრამა არ ფარავს მათ სამედიცინო ხარჯებს.
საერთო ჯამში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ძალიან დადებითად გამოკითხულთა 23% აფასებს, ნაწილობრივ დადებითად - 59%, ნაწილობრივ უარყოფითად - 10%, ხოლო ძალიან უარყოფითად - 3%.
ამას გარდა, NDI-ის კვლევაში გამოკითხული მოსახლეობის 80% აღნიშნავს, რომ მას ექიმი/სამედიცინო პროფესიონალი ღირსეულად და პატივისცემით მოექცა, 7% კი ამას არ ეთანხმება.
ასევე, გამოკითხულთა 72% აღნიშნავს, რომ სწორად დაუსვეს დიაგნოზი, 12% ამას არ ეთანხმება.