17 სექტემბრის მდგომარეობით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 71,95 დოლარიდან 69 დოლარამდე შემცირდა, თუმცა აღნიშნული ფასი გასულ თვეებთან შედარებით, მაღალია.
ნავთობის ფასის ზრდა საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე 14 სექტემბერს დრონებით განხორციელებულმა ორმა საჰაერო იერიშმა გამოიწვია. ორშაბათს, 16 სექტემბერს კი ნავთობის ფასმა ბოლო თვეების მაქსიმუმს მიაღწია და 5%-ით გაიზარდა.
დრონებმა თავდასხმა საუდის არაბეთის უმსხვილეს ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ ობიექტებზე - ბოქიაქსა და ჰურაისში განახორციელეს. როგორც Bloomberg-ი წერს, ნავთობის ბაზრებისთვის პროდუქციის მიწოდების ეს შეფერხება ყველაზე უარესია, რაც კი ოდესმე მომხდარა.
„ნავთობის მიწოდების შეფერხების პრობლემის წინაშე არასდროს დავმდგარვართ და ნავთობის ბაზარზე არც ასეთი ფასი გვინახავს“, - განაცხადა Credit Suisse Group-ის ენერგიის ანალიტიკოსმა სოლ ქეივონიქმა Bloomberg-თან საუბარში.
არაბული სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს ინფორმაციით, შეტევამ ქვეყნის ნავთობწარმოება დღე-ღამეში 5,7 მილიონი ბარელით შეამცირა, რაც ნავთობის გლობალური მიწოდების 5 პროცენტია. ძველ ნიშნულამდე დაბრუნებას კი სულ ცოტა ერთი კვირა დასჭირდება.
საუდის არაბეთის სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ პირველადი დაკვირვებით, თავდასხმის დროს ირანული იარაღი იქნა გამოყენებული, თუმცა შემდეგ მსგავსი განცხადებების გაკეთება შეწყვიტეს, რადგან ამით პირდაპირ ადანაშაულებდნენ ისლამურ სახელმწიფოს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ნავთობის მიწოდების ახლანდელი შეფერხება 1990 წლის აგვისტოში ერაყსა და ქუვეითში ნავთობის მომხდარ საწვავის მიწოდების შეფერხებას აჭარბებს. ამ პერიოდში სადამ ჰუსეინი მეზობელ სახელმწიფოში შეიჭრა. მიწოდების ახლანდელი შეფერხება ასევე, 1979 წელს ირანში ნავთობის წარმოების დანაკარგებსაც აჭარბებს, როდესაც ისლამური რევოლუცია მოხდა. აღნიშნული მონაცემები ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ეკუთვნის.
„საუდის არაბეთის ინფრასტრუქტურის თავდასხმებისგან დაუცველობა, რომელიც ისტორიულად ბაზარზე ნავთობის სტაბილურ წყაროს წარმოადგენდა, არის ახალი პარადიგმა, რომელიც ბაზარმა უნდა გადაჭრას“, - განაცხადა სინგაპურელმა ანალიტიკოსმა და Energy Aspects-ის კონსულტანტმა ვირენდრა ჩოჰანმა.
Aramco-ს წარმომადგენლები წარმოების სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებით ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილები. ნედლეულის ექსპორტის შესანარჩუნებლად საუდის არაბეთს რამდენიმე ალტერნატივა აქვს. ერთ-ერთი სამეფოს საკუთრებაში არსებული გადამამუშავებელი ქარხნების ფუნქციონირების შეჩერებაა.
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კი მომხდარში ირანს ადანაშაულებს, თავად თეირანი ბრალდებებს უარყოფს. ამასთან, ნავთობზე ფასების ზრდის პროცესი მას შემდეგ შენელდა, რაც დონალდ ტრამპის განკარგულებით გასაყიდად სარეზერვო საცავები გახსნეს.
მომხდართან დაკავშირებით გარკვეული პროგნოზი Goldman Sachs Group-მა გააკეთა. ორგანიზაციის განცხადებით, საორიენტაციოდ, ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება შეიძლება, 75 დოლარამდეც გაიზარდოს.
გამოცემა BBC-ის ინფორმაციით საუდის არაბეთი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ნავთობექსპორტიორი ქვეყანაა, რომელსაც დღეში გასაყიდად შვიდ მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გააქვს.
Oanda Corporation-ის უფროსი ანალიტიკოსი ჯეფრი ჰელი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში მიწოდების შეფერხება მსოფლიოში ნავთობპროდუქტების დეფიციტს არ გამოიწვევს.
ასევე, BBC ნავთობის რეზერვების შესახებაც აქვეყნებს ინფორმაციას. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, შეერთებული შტატები 644 მილიონ ბარელ ნავთობს ინახავდა. როგორც გამოცემა იუწყება, აშშ ნავთობს ტექსასისა და ლუიზიანას შტატებში, მექსიკის ყურის გასწვრივ არსებული სანაპიროების ტერიტორიებზე ინახავს. აღნიშნულ საცავებს 727 მილიონი ბარელი ნავთობის დატევა შეუძლია.
გარდა ამისა, კომერციულ საცავში აშშ-ს 416.1 მილიონი ბარელი ნავთობი აქვს შენახული.
რაც შეეხება საუდის არაბეთს, Rapidan Energy Group-ის ინფორმაციით, მათ რეზერვში 188 მილიონი ბარელი ნავთობი აქვთ.