„საბანკო რეგულაციები სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით კიდევ უფრო უნდა შემსუბუქდეს"

ვფიქრობ, საბანკო რეგულაციები სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით კიდევ უფრო უნდა შემსუბუქდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრმა, გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორმა, გიგლა მიქაუტაძემ განუცხადა.

მიქაუტაძის შეფასებით, გატარებული რეგულაციები უფრო მეტად ონლაინ და სწრაფ სესხებთან მიმართებაში იყო საჭირო და მან იმის დასაბუთება, რომ საბანკო რეგულაციების საჭიროება იპოთეური დაკრედიტების კუთხით არსებობდა, ვერ მოისმინა.

„ის, რომ იპოთეკურ სესხებში გარკვეული პრობლემები შეიქმნა ბოლო პერიოდში და გაიზარდა პრობლემური სესხები, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ლარის კურსს და არა სესხების გაცემის სტანდარტების შემცირებას, ამიტომ ეს სხვა ტიპის პრობლემაა.

მე პირადად ვერ დავრწმუნდი იმაში, რომ იპოთეკურ სესხებს ეს რეგულაციები სჭირდებოდა და შედეგი კი სახეზე გვაქვს, ესაა შემცირებული ზრდა მშენებლობაში, შემცირებული დასაქმება და ინვესტიციები, ამიტომ ვფიქრობ, ეს რეგულაციები სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით კიდევ უფრო უნდა შემსუბუქდეს“, -განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.