შვეიცარია და საქართველო მიგრაციის კუთხით თანამშრომლობას აძლიერებენ. ამის შესახებ შვეიცარიის ელჩის რეზიდენციაში, შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შვეიცარია და საქართველო აძლიერებენ ძალისხმევას არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად. 16 სექტემბერს შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. პრესკონფერემციაზე აღინიშნა, რომ 2018 წლიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მე-5 ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების შესაძლებლობა თითქმის არ აქვთ.
"თავშესაფრის დაუსაბუთებელ მოთხოვნასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად, შვეიცარიამ და საქართველომ განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიება და ამ მიმართულებით განაგრძნობენ მჭიდრო თანამშრომლობას. ხელმოწერილი დეკლარაცია მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკონტროლო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეევისთვის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, შვეიცარიაში მკვეთრად გაიზარდა დაუსაბუთებელი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი (2018 წელს 2016 წელთან შედარებით 87%-ით გაიზარდა). ეს განცხადებები შვეიცარიის მხრიდან არ დაკმაყოფილდება (ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა: 0%). გარდა ამისა, თავშესაფრის მაძიებელ ზოგიერთ პირს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რაც მათ საქართველოში დაბრუნებას კიდევ უფრო ართულებს. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, შვეიცარიამ ქართულ მხარეს მომართა თხოვნით, მიეღო გარკვეული ზომები. შვეიცარია, თავის მხრივ, ატარებს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების სწრაფ და თანმიმდევრულ პოლიტიკას", - განაცხადა გატიკერმა.
მისივე თქმით, შვეიცარიამ საქართველოსთან სამედიცინო დახმარების მიმართულებითაც, მჭიდრო თანამშრომლობით რამდენიმე ზომა განახორციელა.
„მაისში მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნომ, საქართველოში შვეიცარიის საელჩომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყეს თანამშრომლობა საქართველოდან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობა ამარტივებს საქართველოში სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობების სწრაფ მოძიებასა და შესაბამისად, პირის ქვეყანაში დაბრუნების შეფასებას“, - განაცხადა გატიკერმა.
მარიო გატიკერმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეხვედრის შემდეგ, ის თბილისში არსებულ ონკოლოგიურ კლინიკას ესტუმრა, რათა თავად ენახა საქართველოში სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობის დონე.
გატიკერი ასევე შეეხო იმ ზომებს, რაც ორმა ქვეყანამ უკვე აქამდე მიიღო და რაც შვეიცარიისა და საქართველოს მიერ საზღვრების კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება.
„საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის საპასუხოდ, შვეიცარიამ და საქართველომ ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღეს ზომები, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა, კერძოდ, შვეიცარიამ გააძლიერა გარე საზღვრები და შემოიღო შესვლის აკრძალვა თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადების შემთხვევაში. საქართველო კი ეცადა, გაეძლიერებინა საზღვრების კონტროლი და ჩაატარა რამდენიმე საინფორმაციო კამპანია შენგენის ზონაში მოგზაურთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. საქართველომ ასევე გაამკაცრა სისხლის სამართლის კოდექსი არალეგალური მიგრაციის საპასუხოდ. ასევე, 2019 წლის ივნისში, Frontex-ის (საზღვრიას და სანაპირო დაცვის სააგენტო) ფარგლებში, შვეიცარიამ ქუთაისის აეროპორტში შვეიცარიელი მესაზღვრე ერთი თვით განათავსა, რომელიც ადგილობრივ მესაზღვრეებს ტექნიკურ დახმარებას უწევდა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
პრესკონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ 28 აგვისტოს ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა და 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა დაბრუნება გონივრულია.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, შემდეგი შეხვედრა კი დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.