თბილისმა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმს უმასპინძლა.ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება EU4Business-EBRD-ისა და უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის ინიციატივით, ასევე, უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართა.
ბიზნესფორუმს ესწრებოდნენ 23 საკვები პროდუქტების (ხორცის, რძის, საკონდიტრონაწარმის, ყავის და ჩაის) მწარმოებელი უკრაინული კომპანია და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ქართველი მეწარმეები.
"აღნიშნული მრავალწლიანი ბიზნეს ურთიერთობების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის აუთვისებელი დიდი ეკონომიკური პოტენციალი არსებობს. გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ დღეს გაჟღერებული ინფორმაცია ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს, ტურისტული პოტენციალის, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და რეფორმების შესახებ მეწარმეებისთვის იქნება გზამკვლევი შემდგომი კონკრეტული სამეწარმეო პროექტების დასაგეგმად. გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ შევძლებთ, ეს ფორუმი გამოვიყენოთ, როგორც სერიოზული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის კომერციული საქმიანობის კიდევ უფრო წასახალისებლად და გასაძლიერებლად. „საქართველოს დამსაქმებელთაასოციაციის“ სახელით მოგახსენებთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს ვუმასპინძლოთ დამხარი დავუჭიროთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს,” - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.
ბიზნეს ფორუმის ძირითადი ნაწილი B2B შეხვედრებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ კონკრეტული ბიზნეს ოპერატორები და დაესახათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ბიზნესფორუმი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა.