„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საჯარო აუქციონზე გაიყიდება, საწყისი ღირებულება 14 250 000 დოლარია. სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" ოფიციალური ინფორმაციით, ფონდი და სს "საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია", აცხადებენ საჯარო აუქციონს შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" კაპიტალის 100%–იანი წილის გასხვისების მიზნით. აუქციონი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გაიმართება.
„შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურთან“ დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება კონფიდენციალური ინფორმაციის გაცნობის შესახებ არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრის 18:00 საათისა,”-აღნოშნულია სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საზოგადოების საკუთრებაშია გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარის ელექტროსადგურის ქუჩის მიმდებარედ, ჯამში 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ, 20.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, რომელიც მოიცავს 3.45 მგვტ. სიმძლავრის 6 ტურბინას, პლატფორმებს, ფუნდამენტებს, მიწისქვეშა გადამცემ ხაზს, მიწისქვეშა ოპტიკურ კაბელს, საოფისე შენობას და სხვა მოძრავ ქონებას. „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ, ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიღებულია 2016 წლის 20 დეკემბერს.